პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრთან ტექნიკური მოლაპარაკებები გამართა

27.10.2008
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დელეგაციამ, დღეს, 27 ოქტომბერს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრთან, მიხეილ მაირამოვის ძე მინძაევთან და ცხინვალში რუსული გარნიზონის ხელმძღვანელთან, ანატოლი ტარასოვთან, ტექნიკური მოლაპარაკებები გამართა. ეს შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პირველი კონტაქტია სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან.

რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის მხრიდან მისიის  ბოლოდროინდელი კრიტიკიდან გამომდინარე, მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა, გასულ კვირას, ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სურს და მზად არის განახორციელოს მთელი ტერიტორიის მონიტორინგი, მაგრამ ამ ფუნქციის შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება თუ ტერიტორიაზე შესვლის უფლება მიეცემა. მან რუსულ და სამხრეთ ოსურ მხარეს ამ კუთხით თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.

დღევანდელ პრაქტიკულ შეხვედრაზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სამხრეთ ოსეთში სამართალდამცავი მექანიზმების სტრუქტურასა და რუსეთთან მათ თანამშრომლობაზე ითხოვა ინფორმაცია. ასევე განხილულ იქნა მისიის დამკვირვებლების სამხრეთ ოსეთში შესვლის საკითხი.

Follow us on social media