EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 03:11:54
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1563/?page=5&year=2009
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (ესმი) ხელმძღვანელი, ელჩი ჰანსიორგ ჰაბერი: „მივესალმები გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრების მეტად პოზიტიურ დასაწყისს“

15.07.2009

ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში პირველი შეხვედრა აფხაზეთში, გალში, 14 ივლისს გაიმართა. გაეროს ეგიდით, შეხვედრამ ქართული, რუსული და აფხაზური მხარები და გაეროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (ესმი) წარმომადგენლები შეკრიბა.

შეხვედრის შემდეგ მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს არსებული „კონსტრუქციული ატმოსფერო“. შეხვედრის განმავლობაში შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვანი პროცედურული საკითხების შეთანხმება, რაც ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების სიხშირეს, მათ ფორმატს, სამუშაო ენას, შემდეგი შეხვედრების თავმჯდომარეობას და „ცხელი ხაზის“ პრაქტიკულ დონეზე ამუშავებას შეეხებოდა.

ესმი-ს ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა, ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა.

„გალში გამართულმა შეხვედრამ დაადასტურა, რომ მონაწილეთა კეთილგანწყობითა და კონსტრუქციული დამოკიდებულებით შესაძლებელია შედეგების მიღება. ეს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების მეტად პოზიტიური დასაწყისია. იმედი გვაქვს, რომ მომავალ შეხვედრებზე, როდესაც არსებითი საკითხების განხილვას დავიწყებთ, მოცემული პოზიტიური განწყობა შენარჩუნდება“.

მომდევნო შეხვედრა ორ კვირაში, კვლავ გალში, 28 ივლისს, გაიმართება. ყველა მოანწილე იმედს გამოთქვამს, რომ მოცემული შეხვედრები, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.