EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/11/2024 08:11:00
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/4651/?month=12&year=2014
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მშვიდობის ჟურნალისტიკის თემაზე საინფორმაციო შეხვედრას გამართავს ზუგდიდში

25.07.2014
2014 წლის 28 ივლისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის კავკასიის პროგრამა (IWPR) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრას ერთობლივად უმასპინძლებს. შეხვედრა მიზნად ისახავს ევროკავშირის მიერ მშვიდობის ჟურნალისტიკაში გამოცხადებული კონკურსის წარდგენას და ნდობის აღდგენის საკითხში მედიის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

საინფორმაციო შეხვედრის დროს ჟურნალისტები და მედიის სფეროში მომუშავე წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მედიის არსებულ მდგომარეობას და კონფლიქტების გაშუქების  მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნაშრომების გაუმჯობესების გზებს განიხილავენ. ღონისძიების მონაწილეები მიიღებენ  ამომწურავ ინფორმაციას  ევროკავშირის მიერ მშვიდობის ჟურნალისტიკაში გამოცხადებული კონკურსის მიზნებისა და საკონკურსო პირობების შესახებ.

მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სპეციალური პრიზი მიენიჭება მიუკერძოებელ, დაბალანსებულ და ჟურნალისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკური პრინციპების შესაბამისად მომზადებულ სტატიას, სატელევიზიო ან რადიო რეპორტაჟს, ვებგვერდზე, ბლოგზე ამ სოციალურ მედიაში განთავსებულ მასალას.

გამარჯვებულ ჟურნალისტს გადაეცემა ვაუჩერი, რომლის ღირებულებაა 5 000 ევრო. ფასიანი ქაღალდი გამარჯვებულს საშუალებას მისცემს გაემგზავროს ლონდონში ერთი თვით ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის სათავო ოფისში. დეტალური ინფორმაცია, განაცხადის ფორმის ჩათვლით იხილეთ ვებ-გვერდზე: www.euprizejournalism.ge ან www.eumm.eu

ევროკავშირის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში მიზნად ისახავს მაღალი პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკური ჟურნალისტიკის წახალისებას, რომელსაც წვლილი შეაქვს ნდობის აღდგენაში და გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებაში. ევროკავშირის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში არის შემადგენელი ნაწილი კონკურსისა „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, რომელიც მიზნად ისახავს ქართულ მედიაში იმ ნაშრომების წარმოჩინებას და აღიარებას, რომლებიც საქართველოს ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის პრინციპებთან შესაბამისობაში მოდიან. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსი „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, გახსნილად 2014 წლის 6 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს გამოცხადდა. ევროკავშირის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში გასულ წელს რადიო თავისუფლების/„ეხო კავკაზას“ ჟურნალისტ ოლესია ვართანიანს გადაეცა. საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 3 ნოემბერი.