ახალი ამბები და სტატიები

ბავშვები ფრეზეთიდან

03.06.2016
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები რეგულარულად დადიან იძულებით გადაადგილებულ პირთა  დასახლებებში. როგორც წესი, ისინი ესაუბრებიან ზრდასრულებს, მათ ვინც საკუთარი სახლები დაკარგა. მაგრამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1 ივნისს, მცხეთის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლები ესაუბრნენ ფრეზეთის დევნილთა დასახლების ბავშვებს მათი ოცნებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ფრეზეთის დასახლება განსაკუთრებული ადგილია. ფერდობებით გარშემორტყმული, იგი ცენტრალური გზიდან მოშორებით მდებარეობს და თითქმის მოწყვეტილია დანარჩენ სამყაროს. ამ ბავშვებიდან ბევრისთვის ეს ერთადერთი სამყაროა, რაც მათ ოდესმე უნახავთ ან იციან.

ეთო ექვსი წლის გოგონაა, რომელსაც ძალიან უნდა სკოლაში წასვლა. მას სურს, რომ სტომატოლოგი გახდეს, რადგან დედამისს ხშირად კბილის ტკივილი აწუხებს. უყვარს ფრეზეთის ვიწრო ქუჩებში ველოსიპედით სიარული და ასევე მოსწონს გუნდური სპორტის სახეობებიც. მეზობელ ბიჭებთან ერთად ფეხბურთს თამაშობს. მეკარეა. იგი ოცნებობს სათამაშო სახლზე - ისეთზე, როგორიც სატელევიზიო რეკლამაშია. მას ასევე უნდა კომპიუტერული თამაშები ითამაშოს. დედამისი განმარტავს, რომ ეთოს ისეთი თამაშები უყვარს, სადაც შესაძლოა ვირტუალური სამზარეულოს მოწყობა და საჭმლის გაკეთების ან ნამცხვრის გამოცხობის სწავლა. ეთოს საყვარელი ზღაპარი ალადინის შესახებაა. შესაძლოა იმიტომ, რომ მას ცხოვრების მიმართ იგივე სათავგადასავლო მიდგომა აქვს.




ეთო მისი ველოსიპედით ფრეზეთის ვიწრო ქუჩებში

პირველივე შეხედვით ამჩნევთ, რომ ათი წლის ნუკრი სპორტსმენად არის გაჩენილი:  ფართო მხრები, თავდაჯერებული სიარული და (მამის საჩუქარი) დიდი სპორტული საათი, რომელსაც ატარებს. კვირაში სამჯერ ნუკრი ძიუდოს გაკვეთილებზე დადის, მაგრამ საკუთარ თავს ძირითადად როგორც მომავალ კარატისტს ხედავს. ნუკრი ჯეკი ჩანის და რონალდუს დიდი გულშემატკივარია.  ბევრი სხვა ბიჭის მსგავსად ფრეზეთში, მას ფეხბურთის თამაში უყვარს. მისი აზრით გოგონებს დაჭერობანას თამაში მოწონთ. იგი მირბის, რომ ორ საუკეთესო მეგობარს, ნათიას და ლიას, შეხვდეს და დაჭერობანა ეთამაშოს. ამ ახალგაზრდა ძლიერ ვაჟკაცს კეთილი გულიც აქვს. იგი ზრუნავს ექვს ახალდაბადებულ ლეკვზე და ცდილობს გაარკვიოს, თუ როგორ იპოვოს მათთვის ლამაზი და უსაფრთხო სახლი.

ნუკრი ექვს ახალდაბადებულ ლეკვზე ზრუნავს

ჟანა და ანა ხუთი წლის ტყუპები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ანა ამაყად მაჩვენებს ყვითელი ფერის ლაქით შეღებილ ფრჩხილებს დედა მას როგორც ცელქ, მამაც და გამბედავს ისე აღწერს. ანას ფორმა მოსწონს და სურს, რომ პოლიციელი გახდეს ან ჯარში იმსახუროს. ჟანამ ასევე უკვე გადაწყვიტა თუ რა პროფესიის უნდა იყოს. მას სურს გახდეს ექიმი, რომ ბებიას უმკურნალოს. ანა და ჟანა, ორივე, ზღვაზე ოცნებობენ. ერთხელ, როდესაც მათ ტელევიზორში ოკეანე დაინახეს, დედას ჰკითხეს: "როგორ გგონია, ცურვა ვიცით?" ზაფხულში ფრეზეთის დასახლება ყვავილოვანი მინდორ-ველებით არის გარშემორტყმული, მაგრამ ბავშვები იქ ვერ თამაშობენ. მაღალ ბალახში ძალიან ბევრი გველია. აქედან გამომდინარე, ტყუპებმა და მათმა უმცროსმა ძმამ, ფარდულში პატარა სათამაშო სახლი მოიწყვეს. მათი სამეფოს გული სამზარეულოა, სადაც ანა გვიჩვენებს თუ როგორ კეთდება ხინკალი.




ჟანა და ანა მათ "სამზარეულოში" ხინკალს ამზადებენ

სათამაშო მოედანი ფრეზეთის ცენტრში ოთხი წლის მარიამის საყვარელი ადგილია, სადაც მას შეუძლია დროის გატარება სამ საუკეთესო მეგობარ გოგონასთან ერთად. "მე გოგო ვარ, ასე რომ გოგოებთან ვთამაშობ", - განმარტავს იგი მხრების აჩეჩვით. ისინი თოჯინებით თამაშობენ. ასევე - დაჭერობანასაც. მომავალში, მარიამს სურს ექიმი იყოს, რომ ყველა ადამიანი განკურნოს. ჯერჯერობით ფრეზეთის დასახლება მთელი მისი სამყაროა. მას უყვარს ეს დასახლება, იმიტომ, რომ ყველა მისი სათამაშო აქ არის, თუმცა იგი ასევე ოცნებობს სოფელ კარჭოხში წასვლაზე. ეს ის ადგილია ახალგორის რაიონში, საიდანაც დედამისი და უფროსი და-ძმები არიან. მარიამი ერთადერთია ოჯახში, ვინც თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე დაიბადა. ახლა მას უნდა, რომ თავისი თვალით ნახოს ლეგენდარული სოფელი, რომელსაც მხოლოდ მონაყოლიდან იცნობს. იგი ასევე ოცნებობს რომ სათამაშო სახლი ჰქონდეს!



მარიამი ფრეზეთში საკუთარ სათამაშო სახლზე ოცნებობს 

ილია (9), ნატო (10) და ლალი (11) და-ძმანი არიან. ნატოს და მის ძმას, ილიას ფეხბურთის თამაში უყვართ. ილიას საყვარელი გუნდი "მადრიდის რეალია" და კრიშტიანუ რონალდუს თაყვანისმცემელია. ნატოს აზრით, ლეო მესი უფრო ნიჭიერი მოთამაშეა. უფროს დას, ლალის, სპორტს წიგნები ურჩევნია. მას უყვარს სოლომონ მეფის საგანძურის შესახებ და სხვა სათავგადასავლო ისტორიების კითხვა. ორი და სკოლის წარმოდგენებში იღებს მონაწილეობას. წელს ისინი მონაწილეობენ წარმოდგენაში "პატარა პრინცესა". გოგონები აღფრთოვანებულები არიან. ყველა მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი მოწვეულია წარმოდგენაზე. ლალი ითამაშებს მეფეს და ნატო კი ვარდს განასახიერებს. ნატო სუხიშვილების ანსამბლის თაყვანისმცემელია და წუხს, რომ ქართული ცეკვის გაკვეთილები, რომელზეც სკოლაში დადიოდა, შეჩერებულია. მაგრამ ის არ მიატოვებს ოცნებას პროფესიონალ მოცეკვავეობაზე. ლალის, ისევე როგორც ბევრ მის მეგობარს, ექიმობა უნდა. ყველაზე უმცროსზე, ილიაზე, პოლიციის მანქანამ მოახდინა შთაბეჭდილება, ასე რომ როდესაც გაიზრდება, უნდა პოლიციელი გამოვიდეს.



ნატო, ილია და ლალი - ფრეზეთის ბავშვები

Follow us on social media