EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/11/2024 16:11:36
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/6028/?month=12&year=2017
 
 უკან

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მე-60 000-ე პატრულირება ჩაატარა!

20.10.2017

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელმაც 2008 წლის ოქტომბრიდან დაიწყო საქმიანობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე დასაკვირვებლად, 2017 წლის 20 ოქტომბერს მცხეთის რაიონში მე-60 000-ე პატრული ჩაატარა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მე-60 000-ე პატრულირებაში მონაწილეობდნენ მისიის დამკვირვებლები ბულგარეთიდან, პორტუგალიიდან და რუმინეთიდან, თარჯიმნისა და ექიმის (არ არის ფოტოზე) თანხლებით. 

60 000 პატრულირება -  ამ მაღალი მაჩვენებლის მიღწევა წარმოადგენს ევროკავშირის მზადყოფნას დაეხმაროს და ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხო გარემოს, განსაკუთრებით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ორ თვითგამოცხადებულ რეგიონს შორის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, რაც საომარი მოქმედებების განახლების აცილებას უზრუნველყოფს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეუიარაღებელი სამოქალაქო მისიაა და იგი არის ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობა. მისია დაკვირვებასა და პატრულირებას ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში, წელიწადში 365 დღე აწარმოებს და რეგულარულად აგზავნის ანგარიშებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და უწყებებში ბრიუსელში (ბელგია).

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფები მანდატის ფარგლებში ზედმიწევნით აკვირდებიან, თუ რა ხდება ადმინისტრაციულ საზღვრებთან და მათ მიღმა. მას შემდეგ, რაც 2008 წელს მისიამ მუშაობა დაიწყო, მას აქვს სრული ხელმისაწვდომობა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მთელ ტერიტორიაზე. მანდატი მისიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესვლის უფლებამოსილებას ანიჭებს. თუმცა, მისია არასოდეს შესულა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში. ეს არის ის, რის მიღწევასაც მისია ცდილობს. თუ ეს მოხდა, მისია შეძლებს პატრულირებას, დაკვირვებას და ანგარიშების წარდგენას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების თაობაზე. 

ჩვენი დამკვირვებლები, რომლებიც ევროკავშირის 23 წევრ ქვეყანას წარმოადგენენ, პატრულირებას მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ ახორციელებენ. პატრულირება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის ინფორმაციის შეგროვების ძირითადი საშუალებაა და იგი ხელს უწყობს რეალურ დროში ანგარიშების წარდგენას. უწყვეტი პატრულირება ასევე ხელს უწყობს სწრაფად მისვლას ისეთ ადგილებში, რომლებიც შესაძლოა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულის ყურადღებას საჭიროებდეს. იგი ასევე უზრუნველყოფს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის ხილვადობას. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, მიესალმება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აქტიურ წარმომადგენლობას და ადგილზე მუდმივად პატრულირებას. მისია აფასებს უსაფრთხოების მდგომარეობას, ისევე როგორც ნებისმიერ საფრთხეს სტაბილურობის მიმართებაში და აკვირდება საქმიანობას, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს "ბორდერიზაციას" - ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ბარიერების დადგმას, დაკავებებს, გადაადგილების თავისუფლებას, რელიგიური ადგილების, თემების, ოჯახების, ჯანდაცვის, განათლებისა და საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობას. ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაცია ასევე გამოიყენება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეთა ინფორმირებისთვის.

საბოლოოდ, მისია იმედოვნებს, რომ მისი მუდმივი პატრულირების გეგმები დაეხმარება  ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, დაუბრუნდეს უფრო ნორმალურ ცხოვრებას.

მისია მცხეთის რეგიონალურ ოფისს მე-60 000-ე პატრულირებას ულოცავს.

2017 წლის 20 ოქტომბერს, პარასკევს მცხეთის რეგიონალურმა ოფისმა მისიის მე-60 000-ე პატრულირება ჩაატარა. 2008 წლის ოქტომბერში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის დაწყებიდან ყოველდღიურად საშუალოდ 18 პატრულირება ტარდება