ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მასპინძლობს სამედიცინო უსაფრთხოების ორ კურსს თბილისში

11.06.2018
2018 წლის 28 მაისიდან 9 ივნისამდე ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ საქართველოში პირველად უმასპინძლა სამედიცინო უსაფრთხოების ორ (2) კურსს მისიის სათავო ოფისში თბილისში. აღნიშნული კურსი ტარდება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის სამოქალაქო მისიებისთვის. სამედიცინო უსაფრთხოების სწავლება შემუშავდა შვედეთის გაუთვალისწინებელი გარემოებების სააგენტოს მიერ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის მისიებისთვის, კერძოდ კი აღნიშნული მისიების უსაფრთხოების თანამშრომლებისთვის.

თითოეული კურსი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და მასში სულ ოცდათოთხმეტი (34) ადამიანი მონაწილეობდა. სწავლების მონაწილეები წარმოადგენდნენ ისეთ მისიებს, როგორიცაა ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისია კოსოვოში (EULEX), ევროკავშირის საკონსულტაციო მისია უკრაინაში (EUAM), ევროკავშირის პოტენციალის განვითარების მისია მალიში (EUCAP-მალი), ევროკავშირის პოტენციალის განვითარების მისია ნიგერში (EUCAP-ნიგერი), ევროკავშირის სასაზღვრო დახმარების მისია ლიბიაში (EUBAM-ლიბია), ევროკავშირის პოლიციური მისია პალესტინაში (EUPOL COPPS), სამოქალაქო დაგეგმვისა და მართვის განყოფილება (CPCC) და თვით მასპინძელი მისია (EUMM). უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის მისიებში მუდმივად არსებობს გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების რისკი. აღნიშნული სამედიცინო უსაფრთხოების სწავლება წარმოადგენს მრავალმხრივ თეორიულ, პრაქტიკულ და სიმულაციურ მეცადინეობაზე დაფუძნებულ ხუთდღიან კურსს. 

კურსი მონაწილეებს უზრუნველყოფს იმ ცოდნით, უნარებითა და შესაძლებლობებით, რომლებიც დასჭირდებათ გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე უსაფრთხოდ, საიმედოდ, დროულად და ეფექტიანად რეაგირებისთვის. კურსის ფარგლებში თითოეულმა მონაწილემ გაიარა პირველადი და შემაჯამებელი შეფასება. თვით კურსის ხასიათიდან გამომდინარე, მონაწილეებს მოეთხოვებათ უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილება. სწორედ ამ მიზეზით სწავლება ჩატარდა მოდელირებულ და რეალურ (ვარჯიშის) პირობებში.

შვედეთის გაუთვალისწინებელი გარემოებების სააგენტოს პროგრამის უფროსი ოფიცრისა და სამედიცინო უსაფრთხოების კოორდინატორის, კონი აკერბლომის თქმით, „საქართველოში შვედეთის გაუთვალისწინებელი გარემოებების სააგენტოს სამედიცინო უსაფრთხოების სასწავლო კურსის ფარგლებში სწავლება უაღრესი პროფესიონალიზმით გამორჩეულმა 34-მა უსაფრთხოების ოფიცერმა გაიარა. სწავლებამ ძალიან კარგი შედეგები გამოიღო და მე, როგორც კურსის კოორდინატორს, მსურს გულითადი მადლობა გადავუხადო საქართველოში ევროკავშირის მისიას ფანტასტიური თანამშრომლობისთვის. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მაიქლ მოუერსა და მის კოლეგებს უსაფრთხოების ჯგუფიდან. ორკვირიანი სწავლების პერიოდში მონაწილეების მიერ შეტანილმა წვლილმა დიდი სარგებლობა მოუტანა სასწავლო კურსს და შვედეთის გაუთვალისწინებელი გარემოებების სააგენტოს დაეხმარება შემდგომში კიდევ უფრო გააუმჯობესოს კურსის შინაარსი.“

სამედიცინო უსაფრთხოების უფროსმა ინსტრუქტორმა ფრედრიკ ზეთელიუსმა აღნიშნა, რომ „უკანასკნელ წლებში მისიის რაიონებში გახშირებული უბედური შემთხვევებისა და ტრავმის მიღებასთან დაკავშირებული ინციდენტების გათვალისწინებით, სამოქალაქო დაგეგმვისა და მართვის განყოფილების მოთხოვნით შვედეთის გაუთვალისწინებელი გარემოებების სააგენტომ სამედიცინო უსაფრთხოების სრულიად ახალი კურსი შეიმუშავა. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თბილისის სათავო ოფისში წარმატებით განხორციელდა პირველი ორი საპილოტე კურსი.“

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას წარსულშიც უმასპინძლია არაერთი სასწავლო კურსისთვის და მიესალმება მათ ჩატარებას. 2018 წლის აპრილში მისიამ უმასპინძლა „კრიტიკული ინციდენტის სტრესის მართვის“ კურსს.

სარეანიმაციო ღონისძიებების განხილვა

  მითითებების მიცემა

  სარეანიმაციო ღონისძიებების განხორციელება

 

შვედეთის გაუთვალისწინებელი გარემოებების სააგენტოს ინსტრუქტორების მიერ სერტიფიკატების გადაცემა

 

პირადი სამედიცინო დახმარების გაწევის პრაქტიკა

 

სიმულაციური სამედიცინო ევაკუაციის სავარჯიშო       


Follow us on social media