ახალი ამბები და სტატიები

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა მონტენეგროში ერთობლივად გამართეს კონფლიქტის მიმართ სენსიტიური ჟურნალისტიკის სემინარი

04.02.2019

გასულ კვირას  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) მონტენეგროს ქალაქ ულცინში ჩაატარეს სემინარი თემაზე „ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის მიმართ სენსიტიური ჟურნალისტიკა“. ოთხდღიანმა სემინარმა გააერთიანა აფხაზი, ოსი და ქართველი ჟურნალისტები, რომლებმაც განიხილეს ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის მიმართ სენსიტიური ჟურნალისტიკის თავისებურებები.

სემინარს გაუძღვნენ კონფლიქტის მიმართ სენსიტიური ჟურნალისტიკის ტრენერი და ფასილიტატორი ულრიკე ბუტმალოიუ, ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის პროგრამის მენეჯერი ნინო გოგოლაძე და ტრენერი და ჟურნალისტი გოგა აფციაური.

სხვადასხვა რეგიონების ჟურნალისტები განაწილდნენ შერეულ ჯგუფებში, მოამზადეს ერთობლივი რეპორტაჟები და განიხილეს კონკრეტული თემები.

სემინარის მესამე დღე მიეძღვნა ექსკურსიებს მონტენეგროს საკურორტო ქალაქებში - კოტორსა და ბუდვაში. მონაწილეებმა მიიღეს დავალება - გამოეკითხათ ადგილობრივი მოსახლეობა და მოემზადებინათ ერთობლივი პროექტები, რომლებსაც მომდევნო დღეს წარადგენდნენ და განიხილავდნენ.

სემინარის დასასრულს მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები და ემოციები სემინარის შედეგის შესახებ. მათ ხაზი გაუსვეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მსგავსი ტრენინგების ჩატარება, რომლებიც მათ  ახალი კავშირების დამყარებაში, სოციალური და პროფესიული ქსელის გაფართოებაში და კონფლიქტის მიმართ სენსიტიურ ჟურნალისტურ საქმიანობაში ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდების სწავლაში ეხმარება. ჟურნალისტებმა დიდი მადლობა გადაუხადეს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას პროექტის დაფინანსებისთვის, კერძოდ კი „სემინარის მსვლელობაში ძალიან პროფესიული და მიუკერძოებელი მიდგომის გამოხატვისთვის.“

 

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი იულიუ დრაგიჩი (მარცხნიდან პირველი) სხნის სემინარს, მიმართავს მონაწილეებს და აცნობს სემინარის მიზანს

 

მონაწილეები ამზადებენ ერთობლივ რეპორტაჟს მითითებული თემის შესახებ

 

მარცხნიდან მარჯვნივ: კონფლიქტის მიმართ სენსიტიური ჟურნალისტიკის ტრენერი და ფასილიტატორი ულრიკე ბუტმალოიუ, ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის პროგრამის მენეჯერი ნინო გოგოლაძე, ტრენერი და ჟურნალისტი გოგა აფციაური და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროგრამის დირექტორი ნათია გორგაძე განიხილავენ სემინარის მსვლელობას

საინფორმაციო პორტალის „ქუთაისის პოსტის“ ჟურნალისტი ლანა კოკაია (მარცხნივ) და „ეხო კავკაზას“ შტატგარეშე  ჟურნალისტი ზარინა სანაკოევა (მარჯვნივ) სემინარის დროს განიხილავენ ერთობლივ პროექტს.

 

Follow us on social media