ახალი ამბები და სტატიები

მისიის ხელმძღვანელი კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია და სტუდენტებს მისიის მანდატი განუმარტა

18.03.2019
14 მარტს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ერიკ ჰოგი თბილისში კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია და მისიის საქართველოში 10 წლიანი, უწყვეტი ყოფნის,  მისი მიღწევებისა და მიმდინარე გამოწვევების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. პრეზენტაციას კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი დაესწრო.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა  ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მოკლე მიმოხილვა გააკეთა და განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში მოქმედი სამხედრო და სამოქალაქო მისიების ხასიათზე გაამახვილა. ბატონმა ჰოგმა ისაუბრა ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესახებ და  მის შესრულებასთან დაკავშირებული გამოწვევები აღნიშნა.

მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ერგნეთში და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების როლს. ცხელი ხაზი აღინიშნა მისიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მექანიზმად, რომელიც ხელს უწყობს კონფლიქტის მხარეებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფას.

ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის დროსაც სტუდენტები იმ გამოწვევებით დაინტერესდნენ რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის განხორციელებისას ხვდება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მისი ახალი საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში, ატარებს საჯარო ლექციებს, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას მისიის მანდატისა და მისი საქმიანობის შესახებ. საჯარო ლექციების ციკლი გრძელდება და მოიცავს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.



კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი ეკა აკობია სტუდენტების ჯგუფს მისიის ხელმძღვანელს წარუდგენს


მისიის ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე სტაბილურობას ინარჩუნებს

Follow us on social media