EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/11/2024 16:11:22
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/3521/
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კოდის მახლობლად მომხდარი სროლის ინციდენტის შემდეგ დაძაბულობის განსამუხტად ცხელი ხაზის გამოყენებას მიესალმება

03.12.2012
2 დეკემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განახორციელა დეტალური მონიტორინგი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ახლოს, სოფელ აბანოს, კოდასა და წნელნისის მახლობლად მომხდარი სროლის ინციდენტის გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე და ხელი შეუწყო ყველა მხარეს შორის კომუნიკაციას. მას შემდეგ რაც მისიამ შემთხვევის შესახებ პირველადი ინფორმაცია მიიღო, იგი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შექმნილი სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით ყველა მხარეს დაუკავშირდა და ადმინისტრაციული საზრვრის გასწვრივ მომუშავე სადამკვირვებლო ჯგუფების მეშვეობით ინფორმაცია შეაგროვა. მისიის დამკვირვებლები მოგვიანებით იმ მიკროავტობუსის მძღოლს შეხვდნენ, რომლის ავტომანქანასაც ინციდენტის დროს  ესროლეს. ამასთან, მისიამ განაგრძო მოვლენათა განვითარებაზე დაკვირვება.

ცხელი ხაზის მეშვეობით ინფორმაციის ინტენსიური გაცვლის შემდეგ, მომხდარი ინციდენტის განსახილველად, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს უსაფრთხოების უწყებათა წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, მისია მოუწოდებს ყველა მხარეს შეინარჩუნონ კონსტრუქციული მიდგომა და გამოიჩინონ თავშეკავება. მისია მიესალმება ჩართული მხარეების მიერ ცხელი ხაზის გამოყენებას და სიტუაციის განმუხტვის მიზნით ცხელი ხაზის მეშვეობით მომხდარი ინციდენტის გარემოებათა გარკვევას.

მოცემული შემთხვევა განხილული იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც დეკემბერში ერგნეთში  ჩატარდება.