პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 94-ე შეხვედრა გაიმართა

18.07.2019
2019 წლის 18 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 94-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბ-ნი ერიკ ჰოგისა და  სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის ელჩ რუდოლფ მიხალკას თანათავმჯდომარეობით ჩატარდა. 

ბატონმა ჰოგმა  2019 წლის 16 მაისს გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ მომხდარი მოვლენების მოკლე მიმოხილვა წარადგინა . მან აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ზოგადი ვითარება რჩება შედარებით მშვიდი, თუმცა ხაზი გაუსვა დაკავებებს, აფეთქებებსა და „ბორდერიზაციისთან“ დაკავშირებულ შემთხვევებს.  ამასთან ერთად, ბატონმა ჰოგმა ხაზი გაუსვა კარგ თანამშრომლობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის გამოყენების კუთხით, კიდევ ერთხელ, ყველა მონაწილისათვის აღნიშნა სენსიტიური საკითხების შემთხვევაში ამ საშუალების გამოყენების მნიშვნელობა და ამგვარად გამჭვირვალობის გაზრდა.

დისკუსია მოჰყვა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ წინაღობების და ბარიერების აღმართვის გაგრძელებას. თანათავმჯდომარეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს „ბორდერიზაციის“ უარყოფითი გავლენა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობაზე, დაკავებების შემთხვევაში კი  მხარეებს ჰუმანური მიდგომისკენ მოუწოდეს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს საჰაერო სივრცის დარღვევის და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. 

ბატონ არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების საკითხი კიდევ ერთხელ იქნა განხილული. 

ბატონმა ჰოგმა და ელჩმა მიხალკამ მოუწოდეს ყველა მონაწილეს განაგრძონ ცხელი ხაზის გამოყენება და გაზარდონ ინფორმაციის დროული გაცვლა უსაფრთხოების ძალების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს. 

შემდეგი შეხვედრა 2019 წლის 29 აგვისტოს არის დაგეგმილი.



ინტენსიური დისკუსია მალე დაიწყება


დისკუსია გრძელდება კარვის გარეთაც შესვენების დროს


წამყვანი მონაწილე ოსური მხრიდან, ეგორ კოჩიევი შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს ესაუბრება


წამყვანი მონაწილე ქართული მხრიდან, ირაკლი ანთაძე მედიას შეხვედრის შედეგებს აცნობს

Follow us on social media