EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
01/04/2026 16:04:45
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37718/javscript:void('Languages')/
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 131-ე შეხვედრა გაიმართა

31.03.2026
ერგნეთი, 31 მარტი, 2026 წელი – ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 131-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტოფ შპეტის და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბეტინა პატრისია ბუგანის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. 

 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს წარმომადგენელი თანათავმჯდომარეები მიესალმნენ მონაწილეებს და გამოხატეს მადლიერება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მათი განგრძობითი ჩართულობის გამო. მათ ყველა მხარეს მოუწოდეს, შეენარჩუნებინათ პრაქტიკული, გადაწყვეტილების მიღებაზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები, ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის ქალების, მამაკაცებისა და ბავშვების, ადამიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. 

თანათავმჯდომარეებმა მხარი დაუჭირეს მოახლოებული მართლმადიდებლური აღდგომის სადღესასწაულო პერიოდში გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვების მოხსნას. მათ ხაზი გაუსვეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი თემებისთვის რელიგიური წეს-ჩვეულებების შესრულებაში მონაწილეობის, განსაკუთრებით კი სასაფლაოების მონახულების უფლების მიცემის მნიშვნელობას. ამავდროულად, მათ კიდევ ერთხელ გამოთქვეს მოწოდება გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენის შესახებ, ხაზგასმით აღნიშნეს რა მსგავსი ზომების დადებითი გავლენა კონფლიქტით დაზარალებული თემების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

მონაწილეებმა განიხილეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მათ შორის ისეთი ფიზიკური ბარიერების ინსტალაცია, როგორებსაც წარმოადგენენ ღობეები და მავთულხლართი, ასევე შეეხნენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა საქმიანობას. ამ კონტექსტში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ კიდევ ერთხელ გამოთქვეს შეშფოთება დაკავებების პრაქტიკასთან დაკავშირებით და მოუწოდეს მონაწილეებს ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენებისკენ დაკავების არსებული შემთხვევების გადაწყვეტის კუთხით.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს ადამიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა მოვლენები, მათ შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება, ქ-ონ თამარ მეარაყიშვილის მსგავსი კონკრეტული შემთხვევის ჩათვლით. როგორც თანათავმჯდომარეები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო აგრძელებენ კონფლიქტით დაზარალებული ყველა მაცხოვრებლის გადაადგილების თავისუფლებისკენ მიმართული მოწოდების მხარდაჭერას და ხელს უწყობენ დიალოგს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რათა მონაწილეებმა შეძლონ ამგვარი საკითხების პირდაპირ განხილვა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადაწყვეტილებების ძიება.
გასული შეხვედრების მსგავსად, მონაწილეებმა დაადასტურეს ირიგაციის საკითხში თანამშრომლობის მნიშვნელობა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის გადამწყვეტი როლი. მათ ხაზი გაუსვეს მის, როგორც ინფორმაციის გაცვლის სწრაფი და საიმედო არხის, მნიშვნელობას, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დაძაბულობის შემცირებას და ინციდენტების ეფექტიანად მართვას.

მონაწილეები შეთანხმდნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შემდეგი რეგულარული შეხვედრის 2026 წლის 14 მაისს გამართვაზე.