EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/07/2026 03:07:01
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37740/
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 133-ე შეხვედრა გაიმართა

24.07.2026
ერგნეთი, 23 ივლისი 2026 წელი– ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 133-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ჩატარებას ერთობლივად ხელი შეუწყვეს ბეტინა პატრისია ბუგანიმ, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა და კრისტოფ შპეტიმ, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს წარმომადგენელმა თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს ყველა მონაწილის განგრძობითი ერთგულება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფორმატის მიმართ და კიდევ ერთხელ აღნიშნეს მისი, როგორც უსაფრთხოების ისე კონფლიქტით დაზარალებული თემებისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხების გადასაჭრელად არსებული პრაქტიკული პლატფორმის მნიშვნელობა.

მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები უსაფრთხოების კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ, რომელთა შორისაც იყო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მახლობლად დაბრკოლებების აღმართვა, სამხედრო წვრთნების ჩატარება და ფრენები. პირთა დაკავებების არსებული შემთხვევები კვლავ მთავარ საკითხად დარჩა. ყველა შემთხვევა იქნა განხილული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ კი კიდევ ერთხელ მოუწოდეს დაკავებების პრაქტიკის შეწყვეტისა და დაზარალებულთა მიმართ ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენებისკენ.

შეხვედრის დროს, მონაწილეებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვებზე. თანათავმჯდომარეები მიესალმნენ გადაკვეთის პუნქტების ლომისობის დღესასწაულზე გახსნას. მათ მხარი დაუჭირეს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენას და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ რეგულარული გადაადგილება ხელს შეუწყობდა კონფლიქტით დაზარალებული ქალების, მამაკაცებისა და ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების, უსაფრთხოებისა და საარსებო პირობების გაუმჯობესებას.

სოფლის მეურნეობის სეზონის მიმდინარეობიდან გამომდინარე, მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები თემებისთვის სარწყავი წყლის განაწილებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ წარმოადგინა ინფორმაცია სეზონის დაწყებიდან წყლის დონის გაზომვების შესახებ და კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლას ცხელი ხაზის მეშვეობით.

ყველა მონაწილემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის როგორც ინფორმაციის გაზიარების, ინციდენტების მოგვარებისა და დაძაბულობის განმუხტვის მთავარ მექანიზმის მნიშვნელობას. ცხელი ხაზის მეშვეობით გრძელდებოდა ინფორმაციის დროული გაცვლა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის დაკავებებზე, სამედიცინო მიზნებით გადაკვეთებზე, სარწყავი წყლის დონეზე და „ბორდერიზაციის“აქტივობებზე.


132-ე შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემდეგი რეგულარული შეხვედრა 2026 წლის 8 სექტემბერს გაიმართება.