პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2020 წლამდე გაგრძელდა

05.12.2018
პრეს რელიზი

ორშაბათს, 3 დეკემბერს, ევროკავშირის  წევრმა 28 სახელმწიფომ ოფიციალურად გააგრძელა ევროკავშირის სადმკვირვებლო მისიის მანდატი საქართველოში კიდევ ორი წლით, 2020 წლის 14 დეკემბრამდე.    

ძირითადი მანდატი, ორგანიზაციული სტრუქტურა და შემადგენლობა უცვლელი რჩება, თუმცა მოხდება გარკვეული კონკრეტული დამუშავებების განხორციელება მისიაში. სხვა საკითხებთან ერთად, მისია გააძლიერებს ანალიტიკურ საქმიანობას და გაამყარებს ფოკუსს მონიტორინგსა და ანგარიშგებაში -  მათ შორის უმცირესობათა საკითხებზე, ჰიბრიდულ საფრთხეებსა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე. 

მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი აღნიშნავს: "მე ვაფასებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას მანდატის ორი წლით გაგრძელებასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც ადგილზე მყოფ ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობას, შეგვიძლია განვაგრძოთ სტაბილურობაში წვლილის შეტანა ყოველღიურად 24 საათის განმავლობაში. გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ევროკავშირის მტკიცე ვალდებულებას რეგიონალური სტაბილურობის მიმართ."  

ისტორია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია  ევროკავშირის შეუიარაღებელი, სამოქალაქო მისიაა. ის წარიგზავნა 2008 წლის პირველ ოქტომბერს ექვსპუნქტიან შეთანხმებასთან შესაბამისობაში ყოფნის მონიტორინგის მიზნით, შეთანხმებასთან  - რომელმაც დაასრულა აგვისტოს ომი. მისიამ ცოტა ხნის წინ აღნიშნა წარგზავნის 10 წლის თავი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ექსპერტები წელიწადში 365 დღის განმავლობაში ახორციელებენ პატრულირებას და რეგულარულად აწვდიან ეკროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს თავიანთი დაკვირვებების ანგარიშს.

მისიას ჰყავს ზუსტად 319 თანამშრომელი 4 განსხვავებულ ადგილას - თბილისის სათავო ოფისში და რეგიონალურ ოფისებში მცხეთაში, გორსა და ზუგდიდში. ჯამში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომელთა შორის ევროკავშირის 26 წევრი ქვეყნის წარმომადგენელია. მთელი ევროპიდან საქართველოში წარგზავნილი 200-ზე მეტი დამკვირვებლით, მისია წარმოადგენს ევროკავშირის უწყვეტ ძალისხმევას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ამჟამად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობა ადგილზე. მისიას უძღვება ბატონი ერიკ ჰოგი - მაღალი რანგის დანიელი დიპლომატი. 

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მთავარი ამოცანებია:

სტაბილიზაცია: ადგილზე შექმნილ სიტუაციაზე დაკვირვება, განსაკუთრებით კი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ  - საქართველოს ხელისუფლების ადმინისტრირების ქვეშ მყოფ ტერიტორიასა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითაღიარებულ რეგიონებს შორის. რეგულარული პატრულირების გარდა, მისია სტაბილურობის შენარჩუნებას ხელს უწყობს ცხელი ხაზის ოპერირებით რათა განიხილონ ინციდენტები რეალურ დროში.

ნორმალიზაცია: დაკვირვება იმაზე თუ რა გავლენას ახდენს კონფლიქტი მოსახლეობაზე, რომელიც ცხოვრობს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან ახლოს ან  2008 წლის ომის შედეგად საკუთარი სახლებიდან გადაადგილდა. 

ნდობის აღდგენა: კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის კავშირების დამყარების გზით დაძაბულობის შემცირების ხელშეწყობა.

ევროკავშირის პოლიტიკის ინფორმირება: ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკის განმსაზღვრელი პირებისთვის ინფორმაციისა და ანალიზის მიწოდება.



Follow us on social media