კითხვა: ბატონო
ელჩო, ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, როდესაც რუსეთი აგრძელებს სრულმასშტაბიან შეტევას უკრაინაზე ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, რამაც კარდინალური ცვლილებები მოიტანა მთელ რეგიონში. ამ ომის ფონზე, როგორია უსაფრთხოების გარემო ადგილზე როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების ორივე მხარეს?
პასუხი: რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ დრამატულად შეცვალა გეოპოლიტიკური ვითარება ევროპაში. ამას ასევე აქვს როგორც პირდაპირი ისე ირიბი გავლენა უსაფრთხოების იმ გარემოზე, რომელშიც ჩვენი მისია საქმიანობს. წელს, ჩვენ ავღნიშავთ საქართველოში ჩვენი სადამკვირვებლო საქმიანობის დაწყებიდან 14 წელიწადს, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო. ეს არის ევროკავშირის მხრიდან გრძელვადიანი ვალდებულება, წვლილი შეიტანოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში. ნება მომეცით ხაზი გავუსვა იმას, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში გრძნობს მყარ პოლიტიკურ მხარდაჭერას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან. ეს გაცხადებულია ჩვენს დამკვირვებლებს შორის, 26 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლის ყოფნით. ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის და ბრიუსელში გადაწყვეტილების მიმღებებისთვის ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ობიექტური, ფაქტებზე დაფუძნებული შეფასების მიწოდებას, ისევე როგორც ადრეული გაფრთხილების ფუნქციების შესრულებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დღეს, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ეს ფუნქცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ მივყვებით მოქმედების ოთხ ხაზს: სტაბილიზაცია, ნორმალიზაცია, ნდობის აღდგენა და ევროკავშირის პოლიტიკური ინსტიტუციების ინფორმირება.
ჩვენ ვერ ვხედავთ ვითარების გაუარესებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ 24 თებერვალს, რუსეთის შეჭრის შემდეგ. უსაფრთხოების ვითარება შედარებით სტაბილური რჩება. ეს მყიფე მდგომარეობა მოითხოვს, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ გამოიჩინოს პასუხისმგებლობის დამატებითი დონე ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებზე ინციდენტების ან პოტენციური ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ამ პერსპექტივიდან ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას ყოველგვარი შეფერხების გარეშე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების თვალსაჩინო ყოფნა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ ხელს უწყობს შედარებით სტაბილურ გარემოს, რომელსაც ახლა ვხედავთ. თუმცა, ეს არ უნდა მივიღოთ როგორც თავისთავადი რეალობა, რადგან ყოველთვის არის უარყოფითი განვითარების გარკვეული პოტენციალი.
ჩვენ ასევე ვცდილობთ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის ნდობის აღდგენის ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიც არის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ერგნეთში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი პოტენციური დაძაბულობის მოსაგვარებლად და იმ კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას. ეს უზრუნველყოფს კომუნიკაციის კარგად ფუნქციონირებად არხს და პირდაპირი დიალოგის ფორმატს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრებისათვის აქტუალურ პრაქტიკულ საკითხებზე.
კითხვა: ორ წელზე ოდნავ მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენ 2020 წლის მარტში დაიწყეთ მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის განხორციელება, რაც დაემთხვა COVID-19 პანდემიის დაწყებას. რა არის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები ორ რეგიონში და მათ გარშემო, რომელთა აღნიშვნაც შეგიძლიათ გასული ორი წლის განმავლობაში?
პასუხი: არასოდეს მოველოდი, რომ მანდატი ამ პერიოდში ამხელა გავლენას განიცდიდა ჯერ COVID პანდემიის და ახლა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის მხრიდან. მე მცირედით განსხვავებული გეგმები მქონდა, ცხადია ჩვენ კრიზისების მართვის ოპერაცია ვართ, ამიტომ უნდა შევეგუოთ ცვალებად გარემოს და შესაბამისად ვიმოქმედოთ. ჩვენმა მისიამ მოახერხა ოპერაციული საქმიანობის ადაპტირება COVID-ის პანდემიის ყველაზე მაღალი პიკის დროსაც და ჩვენ შევინარჩუნეთ უწყვეტი დაკვირვება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ განვიცადეთ როგორც უფრო რთული ისე უფრო პოზიტიური მომენტი. ეს არის ამ ოპერაციის ბუნება, მზად ვიყოთ ყველა შესაძლო სცენარისთვის.
დღევანდელი გადმოსახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ, სამწუხაროდ, COVID პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა და გააძლიერა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან გამოყოფის ან იზოლაციის განცდა. უპირველეს ყოვლისა, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, კონკრეტულად კი სამხრეთ ოსეთის მიმართულებაზე გადაკვეთის პუნქტების გახანგრძლივებული დახურვის შედეგად. მეორეს მხრივ, „ბორდერიზაციის“ უწყვეტი პროცესი ქმნის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ბარიერებს.
ეს პროცესები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, კონკრეტულად აფხაზეთში, გალის რაიონში და სამხრეთ ოსეთში, ახალგორის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობაზე. მაგალითისთვის, ამას აქვს გავლენა განათლებაზე, შესაბამის ჯანდაცვაზე, პენსიებზე, მეგობრებთან და ოჯახებთან ურთიერთობაზე, ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობებზე ან თუნდაც ისეთი გარკვეული საბაზისო პროდუქციის ყიდვაზე წვდომაზე, როგორიც არის საკვები და მედიკამენტები. ეს იყო ვითარების ის დომინანტური ელემენტი, რომლის მომსწრენიც ვიყავით COVID პანდემიის ორი წლის განმავლობაში.
ჩვენ ვხედავდით სამხრეთ ოსეთში ეგრეთ წოდებული ‘პასპორტიზაციის’ პროცესის შემდგომი დაჩქარების მცდელობებს, იმ ადამიანების დე ფაქტო ‘პასპორტების’ აღების იძულებით, რომლებიც ვერ იღებდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაცემულ პენსიებსა და შეღავათებს.
შეკითხვა: ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში გადაკვეთის პუნქტებზე საუბრისას, ჩვენ ახლახანს გავხდით პოზიტიური გამონაკლისის მომსწრენი, რომელიც გამოიხატებოდა გადაკვეთის სამი პუნქტის, მათ შორის ოძისის გადაკვეთის პუნქტის, რომელიც ახალგორის მოსახლეობას ემსახურება, სააღდგომო დღესასწაულების დროს კვლავ გახსნაში. ხედავთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებზე, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების გაუმჯობესების რაიმე პოზიტიურ ნიშნებს? ხედავთ რაიმე ხელშესახებ შედეგებს უახლოეს მომავალში?
ეს არის პოზიტიური მოვლენა, რომელიც ჩვენს მიერ პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაშიც კი ავსახეთ. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის თანათავმჯდომარეები აქტიურად უჭერდნენ მხარს გადაკვეთის პუნქტების, განსაკუთრებით ოძისის გახსნას. აღდგომის დღესასწაულებზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაკვეთის სამი პუნქტის დროებითმა გახსნამ ადგილობრივი მოსახლეობის დიდი მოწონება დაიმსახურა. გადაკვეთის სამივე პუნქტზე, ამ ხუთი დღის განმავლობაში 1100-ზე მეტი გადაკვეთა დაფიქსირდა, ოძისში ყველაზე მნიშვნელოვანი წილით. ადამიანებმა ეს მოკლე დრო გამოიყენეს მეგობრების და ოჯახების მოსანახულებლად, მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად, თუნდაც ექიმებთან ვიზიტებისთვის ან მედიკამენტების შესაძენად. ზოგიერთმა ოჯახმა 2 წელიწადნახევრის განმავლობაში პირველად შეძლო შეკრება. ჩვენ გვქონდა საუბარი მამასთან, რომელმაც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები ზრდასრული შვილის მონახულება, 2019 წლის ზაფხულის შემდეგ პირველად მოახერხა.
იქნება თუ არა მსგავსი შეთანხმებები მომავალში? ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია გვქონდეს ამის იმედი და ჩვენ გავაგრძელებთ გადაკვეთის პუნქტების რეგულარული და მუდმივი გახსნის მხარდაჭერას სამხრეთ ოსეთის მიმართულებაზე. ანალოგიურად, აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, გადაკვეთის ორი პუნქტი მეტ-ნაკლებად რეგულარულად ფუნქციონირებს და ადგილობრივ მოსახლეობას ემსახურება.
აღდგომის დღესასწაულებამდე აქტიურად განხილული კიდევ ერთი საკითხი იყო სასაფლაოებზე და რელიგიურ ადგილებზე წვდომა. აღდგომის პერიოდში, მსგავს ადგილებზე ჩვენ არც უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენელთა დიდი რაოდენობა დაგვინახავს და არც ინციდენტი დაგვიფიქსირებია. ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგიერთმა ადგილობრივმა მოსახლემ გამოიყენა ეს დრო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის უშუალო სიახლოვეს არსებული წინაპართა საფლავების ან ადგილზე არსებული მნიშვნელოვანი რელიგიური ადგილების მოსანახულებლად. ეს არის ოპტიმიზმის კიდევ ერთი ზომიერი საფუძველი, რომ ჩვენ შეგვიძლია მსგავსი მიდგომით ასევე გავაგრძელოთ მომავალში.
ჩვენ ვერ დავმალავთ, რომ იქ, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე უამრავ პრობლემას ვაწყდებით. ნორმალიზების მხარდაჭერის დავალება, რომელიც ჩვენს მანდატში არსებობს, უფრო რთულდება თვითგამოცხადებული რეგიონების მზარდი იზოლაციის და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის შემცირებული ურთიერთობის გამო.
პრაქტიკულად, ‘ბორდერიზაციის’ მიმდინარე პროცესის შედეგად წარმოიქმნება გადაულახავი ფიზიკური ბარიერები, რომლებიც არ აძლევენ ადამიანებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთის შესაძლებლობას. ამას ადგილობრივ მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური გავლენაც აქვს. დაკავების შიშით, მათ ხაზთან მიახლოების და მიწის მათი ნაკვეთების დამუშავებისაც კი ეშინიათ. გარდა ამისა, ისინი ადგილზე ყოველდღიურად ხედავენ რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებს, რომლებიც პატრულირებენ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ.
ჩვენ ვხედავთ დაკავებების ხშირ შემთხვევებს, რომლებიც სამწუხაროდ კიდევ უფრო გახშირდა ბოლო ორი თვის განმავლობაში. ჩვენ ვსაუბრობთ დაკავების შვიდ მიმდინარე შემთხვევაზე სამხრეთ ოსეთში. ეუთოს წარმომადგენელ, ჩემს კოლეგა თანათავმჯდომარესთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ დაკავებულთა სწრაფად გათავისუფლებისკენ მოწოდებას, მათი და მათი ოჯახების რთული ჰუმანიტარული მდგომარეობის გათვალისწინებით. სამწუხაროდ ეს ხშირ შემთხვევაში რთული პროცესია.
კითხვა: თქვენ სწორედ ეს საკითხი ახსენეთ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრის დროს, თანათავმჯდომარეებმა თქვენი ჩათვლით აღნიშნეთ დაკავებების დიდი რაოდენობა და ამ პრობლემის გადასაწყვეტად ჰუმანიტარული მიდგომისკენ მოწოდება. რა დგას თქვენი აზრით დაკავებების მაღალი სიხშირის უკან?
პასუხი: რთულია ერთი კონკრეტული ფაქტორის განსაზღვრა დაკავებების ამ გაზრდილი რაოდენობის უკან. ერთი მხრივ ჩვენ ვხედავთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე დაყენებულ უფრო დახვეწილ ტექნიკურ საშუალებებს, როგორც ბორდერიზაციის პროცესის ნაწილს, მათ შორის მოძრაობის დეტექტორებს, კამერებს და სენსორებს. ამასთან ერთად, არსებობს გადაკვეთის პუნქტების ხანგრძლივად დახურვის გავლენაც, რომელიც აიძულებს ადგილობრივ მაცხოვრებლებს გადადგან სასოწარკვეთილი ნაბიჯები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მეორე მხარეს გადასასვლელად.
ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ დაკავებების დროს ისეთი გამარტივებული პროცედურებისკენ მოწოდებას, როგორიც არის პირის რამდენიმე საათში გათავისუფლება. გასულ წელს ეს პროცედურები უფრო ხშირად გამოიყენებოდა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მეორე მხარეს მყოფი უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ.
დაკავებების სიხშირე და ამ საკითხის გადაჭრის აუცილებლობა აჩვენებს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფუნქციონირების მნიშვნელობას. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული, ამჟამად არსებული უფრო რთული ვითარების მიუხედავად, ჩვენ ვახერხებთ შევინარჩუნოთ ამ ფორმატის პრაქტიკული და შედარებით კონსტრუქციული სახე. ჩვენი, როგორც თანათავმჯდომარეების პასუხისმგებლობაა, ყველა შესაძლო მცდელობა გამოვიყენოთ რათა გადავწყვიტოთ ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კონფლიქტით დაზარალებული თემების წინაშე არსებული პრობლემები.
მას შემდეგ, რაც მარტის ბოლოს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო შეხვედრა გადაიდო, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფორმატის შეხვედრების რეგულარულობამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ჩვენ გვჭირდება ინსტრუმენტები ყველაზე აქტუალური საკითხების, მათ შორის დაკავებების საკითხის გადასაჭრელად. კარგი მაგალითია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი, რომელიც უზრუნველყოფს ყოველდღიურ კომუნიკაციას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების ორივე მხარეს შორის. 2022 წლის აპრილში გვქონდა 300-ზე მეტი გააქტიურება, რაც საშუალოდ დღეში ათ გააქტიურებას შეადგენს. არსებობს ისეთი განსხვავებული თემები, რომელთა გამოც აქტიურდება ცხელი ხაზი, როგორებიც არის მიწათმოქმედება, დაკავება, სამედიცინო მიზეზით გადაკვეთა, დაკარგული ცხოველები და ბორდერიზაცია ან უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენელთა საქმიანობა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ცხელი ხაზის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფას.
კითხვა: გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ზარი განხორციელდა აფხაზეთიდან და რამდენი სამხრეთ ოსეთიდან?
პასუხი: უკანასკნელ პერიოდში აქტივაციების 90% დაკავშირებულია სამხრეთ ოსეთის მიმართულებასთან. ჩვენ გვქონდა უფრო დიდი რაოდენობა აფხაზეთის მიმართულებიდან პანდემიის დროს, სამედიცინო მიზეზებით გადაკვეთების გამო, მათ შორის COVID - დადებითი პაციენტების გამო, რომლებიც გადმოყვანილები იყვნენ აფხაზეთიდან რუხის საავადმყოფოში. გასულ წელს ჩვენ გვქონდა 2300 გააქტიურება, რომელთაგანაც 80% სამხრეთ ოსეთთან იყო დაკავშირებული და 20% აფხაზეთთან.
კითხვა: როგორც აღნიშნეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები საკმაო დროით გადაიდო, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი კვლავ რჩება ადგილზე. ამავდროულად ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი გალში შეჩერებულია 2018 წლიდან, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გამო. ხედავთ თუ არა რაიმე პერსპექტივას ან დინამიკას კომუნიკაციის ამ არხის აღდგენისკენ?
მართლაც, გალის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრიდან თითქმის ოთხი წელი გავიდა. ვიცი, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ევროკავშირის წარმომადგენელი თანათავმჯდომარე, ისევე როგორც თანათავმჯდომარეები ეუთოდან და გაეროდან, მუდმივად მოუწოდებენ გალის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების უპირობო აღდგენისკენ. ვითარება მოითხოვს მსგავსი ფორმატის არსებობას და ადგილზე რეგულარულ შეხვედრებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის შეიტანოს წვლილი ამ შეხვედრებში. ჩვენი კოლეგები გაეროდან არიან ძალინ აქტიურები რათა დააბრუნონ ეს ფორმატი საწყის გზაზე. როგორც ჩვენ გვესმის, აფხაზეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე და გალის რაიონში არსებული ვითარებიდან, გალის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
კითხვა: ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ბოლოს ჩატარებული ტექნიკური შეხვედრა გახდა ჩვენი შეხვედრის საწინდარი. თქვენ აღნიშნეთ ირიგაციის საკითხზე მოლაპარაკებასთან დაკავშირებული პროგრესი. როგორია ამ საკითხში პროგრესი? შეგიძლიათ მოგვაწოდოთ მეტი არსებული ინფორმაცია?
ეს არის საინტერესო მაგალითი საკითხისა, რომელიც შეიძლება არც ისე ფართოდ იყოს გაშუქებული მედიაში ან საჯარო განცხადებებში. მაგრამ შიდა ქართლის მოსახლეობისთვის ეს ფუნდამენტალური მნიშვნელობის საკითხია. ისინი დამოკიდებულნი არიან მათი მეურნეობისთვის სარწყავი წყლის რეგულარულ მიწოდებაზე, რადგან შემოსავალი დიდად არის დამოკიდებული სარწყავი საკითხების გადაწყვეტაზე.
წინაპირობა ამ საკითხთან დაკავშირებით: სარწყავი სისტემა - ტირიფონის არხის სისტემა - რომელიც ამ რეგიონს წყლით ამარაგებს, ბევრ ადგილას კვეთს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს. ამ სისტემის წყალს იყენებენ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მდებარე სოფლები. ზაფხულში, მდინარე დიდი ლიახვიდან მოწოდებული წყალი შესაძლოა არ იყოს საკმარისი და შემდგომ შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი მიწოდება ზონკარის წყალსაცავიდან, რომელიც ცხინვალის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. შესაბამისად, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს თანამშრომლობა არის საჭირო, არხის სისტემაში წყლის დამატებითი რაოდენობის უზრუნველსაყოფად.
27 აპრილს ჩატარებული შეხვედრის მსგავს ტექნიკურ შეხვედრებზე, ჩვენ განვიხილავთ სარწყავი წყლის მიწოდებასა და განაწილებასთან დაკავშირებული თანამშრომლობის პრაქტიკულ ასპექტებს. ამჯერადაც ეუთოსა და ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით, ჩვენ მოვახერხეთ ზედიზედ მეორე წელს ამ ტექნიკური შეხვედრის ჩატარება, რომელსაც ესწრებოდნენ ირიგაციის ექსპერტები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხრიდან. წყლის დონესა და განაწილების გრაფიკთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლისათვის, ორივე მხარე იყენებს ცხელ ხაზს. ეს არის ტექნიკური მაგრამ დიდი მნიშვნელობის საკითხი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩვენ ძირითადად ვახერხებთ მონაწილეთა შორის გაურკვევლობის და გაუგებრობის აცილებას ამ საკითხზე.
კითხვა: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ვერ ახერხებს სრულად განახორციელოს თავისი მანდატი, რადგან მის დამკვირვებლებს ეკრძალებათ რეგულარულად შესვლა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. არსებობს თუ არა შემთხვევები, როდესაც თქვენს დამკვირვებლებს, თუნდაც გამონაკლისის სახით, მაინც უშვებენ ამ რეგიონებში ფაქტების შესამოწმებლად? როგორია პირადად თქვენს მიმართ მიმღებლობა, ამ ორ რეგიონში, დე ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან ?
მართალია, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა განვახორციელოთ ჩვენი სადამკვირვებლო საქმიანობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების მეორე მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის ჩვენი თავდაპირველი მანდატი იყო ზუსტად ჩამოყალიბებული და ეხება საქართველოს მთელ საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიას. ასე რომ, ჩვენ ხელი გვეშლება ჩვენი მანდატის სრულად განხორციელებაში. ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას როგორც პოლიტიკურ, ასევე სამუშაო დონეზე ამ შეზღუდვების მოხსნის მიზნით. მაგრამ სამწუხაროდ, არსებული პოლიტიკური გარემოებიდან გამომდინარე, ძნელია ამ საკითხში სწრაფი პროგრესის მოლოდინი.
საკითხი ასევე რჩება ევროკავშირის ინსტიტუციებისა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების დღის წესრიგში. შეუზღუდავი წვდომით, ჩვენ შეგვიძლია უკეთ შევაფასოთ უსაფრთხოების ვითარება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების ორივე მხარეს, მაგალითად, მხარი დავუჭიროთ პოლიტიკურ დიალოგს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.
ჩვენ მაინც ვცდილობთ მაქსიმალურად დავაკვირდეთ ხაზის მეორე მხარეს, ღია წყაროებში მოხსენებების და რესპოდენტებთან საუბრის გზით. მაგალითად, ჩვენი დამკვირვებლები მუდმივ ურთიერთქმედებაში არიან მოსახლეობასთან, რათა შეაგროვონ ინფორმაცია მათი საცხოვრებელი პირობების შესახებ. მთლიანობაში, ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ სიტუაციური ინფორმირებულობის დონე, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივაწოდოთ კარგი ინფორმაციული დონის შეფასებები ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ სახელმწიფოებს.
იხილეთ ინტერვიუს ორიგინალური ვერსია
აქ