როგორ მუშაობს ევროკავშირი?
ევროპის პარლამენტი

ევროპის პარლამენტი ირჩევა 5 წელიწადში ერთხელ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობის მიერ მათი ინტერესების გასატარებლად. ევროპარლამენტის მთავარი საქმიანობაა ევროპული კანონების მიღება ევროკომისიის მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე. ევროპარლამენტი მოცემულ პასუხისმგებლობას ევროკავშირის საბჭოსთან იზიარებს. პარლამენტი და საბჭო ასევე იზიარებენ საერთო უფლებამოსილებას ევროკავშირის წლიური ბიუჯეტის დასამტკიცებლად. პარლამენტის მთავარი სხდომები იმართება სტრასბურგში (საფრანგეთი), ხოლო დანარჩენი მათგანი ბრიუსელში (ბელგია).

ევროპის საბჭო

საბჭო შედგება წევრი ქვეყნების მთავრობის ან სახელმწიფოს ხელმძღვანელების, მისი პრეზიდენტისა და ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტისაგან. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას იღებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი. ევროპის საბჭო განსაზღვრავს ევროკავშირის ზოგად პოლიტიკასა და პრიორიტეტებს. მას არ აქვს საკანონმდებლო ფუნქციები. ევროპის საბჭო იკრიბება ყოველ ექვს თვეში ორჯერ, მისი პრეზიდენტის მოწვევით. თუ სიტუაცია მოითხოვს, პრეზიდენტი სპეციალურ სხდომას იწვევს. პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ვადას ორნახევარი წელი წარმოადგენს, ერთჯერადი განახლების უფლებით. ევროპის საბჭო ჩვეულებრივ ბრიუსელში იკრიბება.

ევროკავშირის საბჭო

ევროკავშირის საბჭო ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიმღები ძირითადი ორგანოა. იგი ინაწილებს პასუხისმგებლობას ევროპის პარლამენტთან ევროკავშის კანონების მიღებაზე. ევროკავშირის საბჭო შედგება ევროკავშირის ყველა ქვეყნის ეროვნულ მთავრობათა მინისტრებისგან. ყოველ საბჭოს შეხვედრას თითოეული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან ესწრება განსახილველ საკითხზე პასუხისმგებელი მინისტრი. სხვადასხვა წევრი სახელმწიფო 6 თვიანი პერიოდით მონაცვლეობით იკავებს საბჭოს პრეზიდენტობას, თავმჯდომარეობას უწევს ამ შეხვედრებს და ადგენს საერთო პოლიტიკურ დღის წესრიგს. მონაცვლეობითი პრეზიდენტობა არ ეხება საგარეო საქმეთა საბჭოს, რომლის თავმჯდომარეა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი.

ევროკომისია

ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა და ევროკავშირის საერთო ინტერესს წარმოადგენს. იგი შეიმუშავებს ახალი ევროპული კანონების პროექტებს, რომელსაც წარუდგენს ევროპის პარლამენტსა და საბჭოს. იგი პრაქტიკაში განახორციელებს ევროკავშირის საერთო პოლიტიკას და განაგებს ევროკავშირის ფონდებსა და პროგრამებს. კომისია ასევე გამოდის “ხელშეკრულებათა დამცველის” როლში, რომელიც აკონტროლებს ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და კანონების შესრულებას. მას შეუძლია დამრღვევთა მიმართ მიიღოს ზომები და საჭიროების შემთხვევაში ევროპის სასამართლოს მიმართოს. კომისია 28 კომისრისგან შედგება, სადაც თითოეული მათგანი ევროკავშირის ერთ წევრ ქვეყანას წარმოადგენს. კომისიის პრეზიდენტი არჩეულია ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის მთავრობების მიერ და დამტკიცებულია ევროპის პარლამენტის მიერ. სხვა კომისრები ნომინირებულნი არიან მათი ეროვნული მთავრობების მიერ ახალ პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე და ევროპის პარლამენტის მიერ მტკიცდებიან.  ისინი არ წარმოადგენენ თავისი ქვეყნების მთავრობებს. ამის ნაცვლად, თითოეული მათგანი პასუხისმგებელია ევროკავშირის პოლიტიკის კონკრეტულ სფეროზე. ყველა მათგანი ხუთი წლის ვადით ინიშნება.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ევროკავშირის დიპლომატიურ კორპუსს წარმოადგენს. იგი ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელს (საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს) ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაში ეხმარება. საგარეო ქმედებათა სამსახურის დელეგაციები მთელს მსოფლიოში საქმიანობენ ევროპელი ხალხის სახელით და მთლიანად ევროკავშირს წარმოადგენენ.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ევროკავშირის სხვა სტრუქტურებისგან ფუნქციურად ავტონომიურია, მაგრამ მას ევროკავშირის სხვა სფეროების  პოლიტიკასთან თავისი პოლიტიკის შესაბამისობის უზრუნველყოფის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გააჩნია. ზემოაღნიშნულის განსახორციელებლად უმაღლესი წარმომადგენელი ასევე ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტიც არის და საგარეო საქმეთა საბჭოს თავმჯდომარეც. ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის დიპლომატიური სამსახური ასევე მხარს უჭერს უმაღლეს წარმომადგენელს თავისი საქმიანობის განხორციელებაში.

Follow us on social media