ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში საქმიანობა 2008 წლის პირველ ოქტომბერს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანის პროცესზე დაკვირვებით დაიწყო. მისიის მანდატი სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას, ნდობის აღდგენას და ასევე, ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირების მიზნით, ევროკავშირისათვის ანგარიშების წარდგენას მოიცავს. რა მთავარ გამოწვევას აწყდება მისია ამ მანდატის განხორციელებისას, რა გავლენა იქონია პანდემიამ მისიის საქმიანობაზე, ამ და სხვა საკითხებზე, Europetime-ს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელი საქართველოში მარეკ შჩიგელი ესაუბრა.
რა არის ის საკვანძო საკითხი, რომელზეც ანგარიშებისას წარდგენისას ამახვილებთ ყურადღებას?
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი ნამდვილად არის „სამხრეთ ოსეთთან“ და აფხაზეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განვითარებაზე დაკვირვება, რასაც ჩვენი დამკვირვებლები ყოველდღიური პატრულირებების მეშვეობით ახორციელებენ. ასეთი პატრულირებების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ასევე ურთიერთობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან და დაინტერესებულ პირებთან, რათა გაიგონ მათი ხედვა არსებულ ვითარებაზე და ის, თუ რა გავლენას ახდენს აღნიშნული ვითარება მათ ცხოვრებაზე.
ისინი ასევე აკვირდებიან ამ რაიონებში უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენელთა ქმედებებს და „ბორდერიზაციის“ ნიშნებს. ხდება ყველა დაკვირვების გაანალიზება, შეკრება და ანგარიშგებების სახით გაგზავნა ევროკავშირის პოლიტიკის მწარმოებელთა და წევრი ქვეყნებისთვის.
ჩვენი მანდატი ვრცელდება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე. თუმცა, რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს მის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის ვალდებულებას.
ჩვენ კვლავ არ გვეძლევა აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ შესვლის შესაძლებლობა და სწორედ ეს წარმოადგენს უდიდეს გამოწვევას ჩვენი მანდატის სრულად განხორციელებისთვის.
ჩვენ იძულებულები ვართ, დავეყრდნოთ ღია წყაროებში არსებულ ინფორმაციას, მაგრამ ადგილზე ყოფნა და პირდაპირი ჩართულობა ადგილობრივ მოქმედ პირებთან უდავოდ მოგვცემდა აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე უფრო ზუსტი დაკვირვების და ანგარიშგების საშუალებას.
ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 5-თვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. აქ განიხილება საერთო უსაფრთხოების მდგომარეობასთან და მშვიდობიანი მოსახლეობის პირობებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები. ქართულმა მხარემ ბოლო შეხვედრაზე წამოჭრა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების საკითხი. როგორც კონფლიქტების პრევენციის საკითხების სპეციალისტი, როგორ უყურებთ ამ მექანიზმის ეფექტურობას და არსებული, განხილული საკითხების გადაჭრის პერსპექტივას?
როგორც ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ერთ-ერთ თანათავმჯდომარეს, მჯერა, რომ ეს შეხვედრები აუცილებელია ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, დაძაბულობის შემცირებისთვის და მონაწილეთა შორის ნდობის აღდგენისთვის, ეს ფორმატი იძლევა პირდაპირი დისკუსიის შესაძლებლობას იმ ძალიან კონკრეტული საკითხების შესახებ, რომლებიც აწუხებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას - საკითხების როგორიცაა, კონკრეტული დაკავებების შემთხვევები ან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები.
ფაქტობრივად, ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები ამჟამად არის ერთადერთი ფორმატი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივ საჭიროებებზე და მონაწილეები ხშირად საჯაროდ საუბრობენ ამ მექანიზმის მნიშვნელობაზე.
ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების გასულმა შეხვედრებმა მაგალითისთვის, ხელი შეუწყო დაკავებული პირების გათავისუფლებას და ირიგაციის მსგავსი სხვა პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტას. მე მზად ვარ, განვაგრძო ეუთოსთან თანამშრომლობით მსგავსი დისკუსიების თანათავმჯდომარეობა და ნდობის აღდგენაში წვლილის შეტანა.
ასევე ხაზი მინდა გავუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართულ ცხელ ხაზს, როგორც კიდევ ერთ ეფექტიან საშუალებას, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყენება ჰუმანური ქმედებების, ინცინდენტთა მართვის და ნდობის შექმნის უზრუნველსაყოფად. მაგალითისთვის, 2020 წელს, ცხელი ხაზი 2820-ზე მეტჯერ ამოქმედდა ძირითადად სამედიცინო მიზეზებით გადასვლების შემთხვევების განსახილველად, დაკავებების, სასოფლო სამეურნეო საკითხებთან და „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებული ინფორმაციის გასაცვლელად.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პოსტს 2020 წლის მარტიდან იკავებთ. თქვენი წინამორბედებისგან განსხვავებით, მუშაობამ პანდემიის პირობებში მოგიწიათ. როგორ შეაფასებთ ამ ერთ წელს გამოწვევების და მიღწევების თვალსაზრისით?
დიახ, 15 მარტს აღვნიშნე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობის ერთი წლისთავი. გასული წელი ყველასთვის უჩვეულო და გამოწვევებით სავსე იყო, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ვაჩვენეთ მდგრადობა და ახალ გარემოებებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში სწრაფად მოგვიწია მუშაობის ადაპტირება, შესაძლებლობების მიხედვით დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა, მაგრამ მუდმივად ვახერხებდით ადგილზე ყოფნას და მთავარი ფუნქციების შესრულებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მიმართულებით.
რა თქმა უნდა, ვისურვებდი ჩემს გუნდთან და რესპონდენტებთან უფრო ხშირ პირისპირ შეხვედრას, თუმცა ვიდეო შეხვედრებითაც გავდიოდით ფონს. მოუთმენლად ველი უფრო ხშირ ფიზიკური შეხვედრების და პირისპირ კონტაქტების აღდგენას მას შემდეგ, რაც ვითარება მოგვცემს ამის შესაძლებლობას. ასევე მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების, ასეთ რთულ დროში ჩვენი მანდატის შესრულების მზაობის გამო.
რაც შეეხება პოლიტიკურ და სტრატეგიულ დონეს, მოგზაურობის შეზღუდვებმა და უსაფრთხოების სხვა ზომებმა, 2020 წელს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ჩვეული ოთხის მაგივრად, მხოლოდ ერთი რაუნდის ჩატარების შესაძლებლობა მოგვცა. თუმცა თანათავმჯდომარეებმა მოახერხეს დეკემბერში შეხვედრა და კიდევ ერთხელ შეხვდებიან 25-26 მარტს.
ერგნეთის ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების შეხვედრები ვერ ტარდებოდა რეგულარულად ზამთრის განმავლობაში, თუმცა მარტში განახლდა და ჩვენ უკვე ვგეგმავთ შემდეგ შეხვედრას აპრილში.
ადგილობრივ დონეზე, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას მძიმედ დაარტყა როგორც თავად პანდემიამ, ისე მისმა შედეგებმა. აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ ე.წ. კონტროლირებადი გადასასვლელების გახანგრძლივებულმა დაკეტვამ, მაგალითისთვის კიდევ უფრო შეუშალა ხელი მათი გადაადგილების თავისუფლებას, გააუარესა მათი სოციალ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისიამ იცის ამ გამოწვევების შესახებ და სხვა დაინტერესებულ პირებთან ჩვენ შევეცდებით მივმართოთ მათკენ ძალისხმევა ყველა არსებული ფორმატის, მათ შორის ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმებს შეხვედრების, ევროკავშირის ინსტიტუციებში და წევრ ქვეყნებში მიმართული ჩვენი ანგარიშგებების მეშვეობით.
მანდატის მიხედვით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელ ტერიტორიას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მოიცავს, მაგრამ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლებები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დამკვირვებლებისათვის შესვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე აქამდე უარს ამბობენ. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს ამ საკითხის უფრო მეტად აქტუალიზაციისთვის და როგორ უყურებთ პრობლემის გადაჭრის პერსპექტივას?
აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ შესვლის შესაძლებლობის არქონა არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი მანდატის განხორცილებისთვის. სწორედ ამის გამო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ევროკავშირის ინსტიტუციები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები კვლავ მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, დაუშვას ამ ორ რეგიონში დაუბრკოლებელი შესვლის შესაძლებლობა.
თავდაპირველი წყარო იხილეთ
აქ.