ძვირფასო კოლეგებო,
იმისათვის, რომ უკეთესად მოვმზადებულვიყავი მალტის სამიტზე ჩვენი დისკუსიისთვის ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მომავლის შესახებ და იმ საუბრების ფონზე, რომელიც ზოგიერთ თქვენგანთან მქონდა, ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ რამდენიმე მოსაზრება, რომელსაც, როგორც მიმაჩნია, ყველა ჩვენგანი იზიარებს.
გამოწვევები დღეს ევროკავშირის წინაშე უფრო საშიშია, ვიდრე ოდესმე, მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა რომის ხელშეკრულებას. დღეს საქმე გვაქვს სამ საფრთხესთან, რომელიც ადრე არ ყოფილა, ან ასეთი მასშტაბი არ ჰქონია.
პირველი საფრთხე არის საგარეო, უკავშირდება ახალ გეოპოლიტიკურ სიტუაციას მსოფლიოში და ევროპაში. სულ უფრო და უფრო, მოდით ასე ვთქვათ, თავდაჯერებული ჩინეთი, განსაკუთრებით ზღვებთან მიმართებაში, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა უკრაინის და მისი მეზობლების მიმართ, ომები, ტერორი და ანარქია ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, სადაც რადიკალური ისლამი მთავარ როლს თამაშობს, ისევე როგორც შემაშფოთებელი დეკლარაციები ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან - ყოველივე ეს ჩვენს მომავალს ძალიან არაპროგნოზირებადს ხდის. პირველად ჩვენს ისტორიაში, სულ უფრო და უფრო მრავალპოლარულ გარე სამყაროში, ძალიან ბევრი ღიად ანტი-ევროპელი, ან საუკეთესო შემთხვევაში, ევროსკეპტიკოსი ხდება. კერძოდ, ცვლილება ვაშინგტონში ევროკავშირს რთულ ვითარებაში აყენებს; როგორც ჩანს, ახალი ადმინისტრაცია ბოლო 70 წლის განმავლობაში განხორციელებულ ამერიკის საგარეო პოლიტიკას ეჭვქვეშ აყენებს.
მეორე საფრთხე, საშინაო, თავად ევროკავშირში ევროკავშირის საწინააღმდეგო, ნაციონალისტური, მზარდად ქსენოფობიური განწყობის ზრდას უკავშირდება. ეროვნული ეგოიზმი კი ინტეგრაციის მიმზიდველი ალტერნატივა ხდება. გარდა ამისა, ცენტრიდანულ ტენდენციებს იმ ადამიანების მიერ დაშვებული შეცდომები ასაზრდოებს, ვისთვისაც იდეოლოგია და ინსტიტუტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხალხის ინტერესები და ემოციები.
მესამე საფრთხეს პრო-ევროპული ელიტების განწყობა წარმოადგენს. პოლიტიკური ინტეგრაციის რწმენის შემცირება, პოპულისტური არგუმენტების წარდგენა, ისევე როგორც ფუნდამენტური ლიბერალური დემოკრატიის ფასეულობებში ეჭვის შეტანა უფრო შესამჩნევი ხდება.
დაძაბულობით და დაპირისპირებით სავსე სამყაროში საჭიროა ევროპელების გამბედაობა, სიმტკიცე და პოლიტიკური სოლიდარობა. მათ გარეშე ჩვენ ვერ გადავრჩებით. ჩვენ თუ საკუთარი თავის, უფრო ღრმა ინტეგრირების მიზანსწრაფვის არ გვჯერა, სხვამ რატომ უნდა დაიჯეროს? რომში, ჩვენ უნდა განვაახლოთ ეს განაცხადი რწმენასთან დაკავშირებით. დღევანდელ სამყაროში ასობით მილიონი მოსახლეს მქონე სახელმწიფო-კონტინენტების გარემოცვაში, ცალკე აღებულ ევროპის ქვეყნებს მცირე წონა აქვს. მაგრამ ევროკავშირს დემოგრაფიული და ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია, რაც მას უდიდეს ძალაუფლებათა თანასწორ პარტნიორად ხდის. ამ მიზეზით, ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალი, რომელიც რომიდან უნდა წამოვიდეს, არის 27-ის გაერთიანების მზადყოფნა. სიგნალი, რომ არა მხოლოდ უნდა ვიყოთ ერთიანნი, არამედ ამის სურვილიც გაგვაჩნია.
მოდით ყველას დავანახოთ ჩვენი ევროპული სიამაყე. თუ ჩვენ ვითვალთმაქცებთ, თითქოს ვერ ვიგებთ ისეთ გამონათქვამებს და ვერ ვამჩნევთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც მიმართულია ევროკავშირის და ჩვენი მომავლის წინააღმდეგ, ხალხი ევროპის თავის სამშობლოდ აღქმას შეწყვიტავს. თანაბრად სახიფათოა, რომ გლობალური პარტნიორები ჩვენს პატივისცემას შეწყვეტენ. ობიექტურად რომ ვთქვათ, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ევროპა და მისი ლიდერები გარე ძალებისა და მათი მმართველების სურვილებს უნდა აყვეს. მე ვიცი, რომ პოლიტიკაში, ღირსების არგუმენტი ზედმეტად არ უნდა იყოს გამოყენებული, რადგანაც ამას ხშირად კონფლიქტისა და უარყოფითი ემოციებისკენ მივყავართ. მაგრამ დღეს ჩვენი - ერთიანი ევროპის ღირსება ძალიან მკაფიოდ უნდა დავიცვათ, მიუხედავად იმისა, ვესაუბრებით რუსეთს, ჩინეთს, აშშ-ს თუ თურქეთს. ამიტომ, მოდით ვიქონიოთ გამბედაობა, ვიამაყოთ საკუთარი მიღწევებით, რომლებმაც ჩვენი კონტინენტი დედამიწაზე საუკეთესო ადგილად აქცია. მოდით ვიქონიოთ გამბედაობა, შევეწინააღმდეგოთ დემაგოგების რიტორიკას, რომლებიც აცხადებენ, რომ ევროპული ინტეგრაცია მომგებიანია მხოლოდ ელიტისთვის, რომ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის მისი შედეგი მხოლოდ ზარალის მომტანია და რომ ქვეყნები სიტუაციას საკუთარი ძალებით უკეთესად გაუმკლავდებიან, ვიდრე ერთად.
ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე - ეს იყო თქვენი ყველაზე ხშირი მოთხოვნა კონსულტაციების დროს გასული თვის განმავლობაში. და ეს უეჭველია. მაგრამ ჩვენ არასდროს, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დავივიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც 60 წლის წინ ევროპის გაერთიანება გადავწყვიტეთ. ხშირად გვესმის არგუმენტი, რომ გაყოფილი ევროპის წარსული ტრაგედიების ხსოვნა აღარ არის არგუმენტი, რომ ახალ თაობას ჩვენი შთაგონების წყაროები არ ახსოვს. მაგრამ ამნეზია ამ შთაგონებას არ აუფასურებს და ასევე არ გვათავისუფლებს მოვალეობისგან გაყოფილი ევროპის ტრაგიკული გაკვეთილები მუდმივად გვახსოვდეს. რომში მტკიცედ უნდა გავიმეოროთ ეს ორი ძირითადი, მაგრამ დავიწყებული ჭეშმარიტება: პირველ რიგში, ჩვენ გავერთიანდით, რათა თავიდან აგვეცილებინა კიდევ ერთი ისტორიული კატასტროფა, და მეორე, რომ ევროპული ერთობის პერიოდი ევროპის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში საუკეთესოა. სრულიად ნათელი უნდა გახდეს, რომ ევროკავშირის დაშლა არ გამოიწვევს წევრი სახელმწიფოების რაღაც მითიური, სრული სუვერენიტეტის აღდგენას, მაგრამ მათ რეალურ და ფაქტობრივ დამოკიდებულებას დიდ ზესახელმწიფოებზე: ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რუსეთსა და ჩინეთზე. მხოლოდ ერთად შეგვიძლია სრულად დამოუკიდებელნი ვიყოთ.
ამიტომ უნდა გადავდგათ მტკიცე და შთამბეჭდავი ნაბიჯები, რომელიც კოლექტიურ ემოციებს შეცვლის და ევროპული ინტეგრაციის მომდევნო დონეზე სწრაფვას ააღორძინებს. ამისათვის, ევროპელი მოქალაქეების შიდა და გარე უსაფრთხოების, ისევე როგორც სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის შეგრძნება უნდა აღვადგინოთ. ეს მოითხოვს ევროკავშირის გარე საზღვრების არსებით გაძლიერებას; ტერორიზმთან მებრძოლი უწყებების თანამშრომლობის გაუმჯობესებას და საზღვრებისგან თავისუფალ ზონაში წესრიგისა და მშვიდობის დაცვას; თავდაცვის ხარჯების გაზრდას; მთელი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გაძლიერებას, ისევე როგორც ცალკეული წევრი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის უკეთეს კოორდინაციას; და ბოლოს, ასევე მნიშვნელოვანია ინვესტიციების ხელშეწყობა, სოციალური ჩართულობა, ეკონომიკური ზრდა, დასაქმება, ტექნოლოგიური ცვლილებებისგან სარგებლის მიღება და ევროს ზონისა და მთელი ევროპის კონვერგენცია.
ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ცვლილება აშშ-ს სავაჭრო სტრატეგიაში ევროკავშირის საკეთილდღეოდ საკუთარი ინტერესების დაცვით, დაინტერესებულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების გააქტიურების გზით. ევროკავშირმა არ უნდა მიატოვოს თავისი როლი, როგორც სავაჭრო სუპერძალამ, რომელიც ღიაა სხვებისთვის, საკუთარი მოქალაქეების და სხვადასხვა ბიზნესის დაცვის გათვალისწინებით და ახსოვდეს, რომ თავისუფალი ვაჭრობა სამართლიან ვაჭრობას ნიშნავს. ასევე მტკიცედ უნდა დავიცვათ საერთაშორისო წესრიგი კანონის უზენაესობის საფუძველზე. ჩვენ ვერ დავნებდებით მათ, ვისაც სურს ტრანსატლანტიკური კავშირის, რომლის გარეშეც ვერ გადარჩება გლობალური წესრიგი და მშვიდობა, დასუსტება ან გაუქმება. ჩვენ ამერიკელ მეგობრებს საკუთარი სლოგანი უნდა შევახსენოთ: ძალა ერთობაშია.