ტიტე, 54 წლის, ნიდერლანდები
27 წლის განმავლობაში ნიდერლანდების ეროვნულ პოლიციაში ჩემი დასახლების პოლიციის ოფიცრად, კოორდინატორად და მწვრთნელად ვმუშაობდი. მანამდე რვა წლის განმავლობაში სამხედრო სამსახურში ვიყავი.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მუშაობა 2013 წლის სექტემბერში დავიწყე და ეს ჩემი მეორე მისიაა. პირველად ავღანეთში ევროკავშირის საპოლიციო მისიაში ვმუშაობდი. ევროკავშირის საპოლიციო მისიაში პოლიციის, მართვის, კონტროლისა და კომუნიკაციების საკითხებში მრჩეველი ვიყავი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვუტარებდი ტრენინგს ავღანეთის ეროვნულ პოლიციას ქაბულის პოლიციის აკადემიასა და ქაბულის, მაიმენახის და ბახმიანის პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებს. კიდევ ერთ ამოცანას ავღანეთის სხვადასხვა ქალაქებში საგანგებო სატელეფონო ცენტრების განვითარება წარმოადგენდა.
მე ნიდერლანდების ჩრდილოეთში, უმშვენიერეს ფრისლენის რეგიონში ვცხოვრობ და ვმუშაობ. უკვე 32 წლის განმავლობაში დაოჯახებული ვარ და ისევ შეყვარებული ვარ. ჩვენ გვყავს ორი ქალიშვილი და ერთი შვილიშვილი. ოჯახური ცხოვრების გარდა მაქვს ბევრი ინტერესი, როგორიცაა კემპინგი, ველოსპორტი, მოტოციკლის ტარება, ხანგრძლივი სეირნობა ჩემს ძაღლთან ერთად და ბევრი სხვა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი "ცხოვრებისაგან მიღებული სიამოვნებაა".
ვმუშაობ ზუგდიდის რეგიონალურ ოფისში დამკვირვებლად ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ პატრულირების ჯგუფში. მომწონს ამ ჯგუფში მუშაობა, განსაკუთრებით საველე გასვლები, სადაც ზოგჯერ მცხუნვარე მზის ქვეშ ტალახშიც ვდგავარ. მაქვს ურთიერთობა ადგილობრივ მოსახლეობასთანაც. მოცემული საქმიანობა პატრულირების, ამოცანების კოორდინაციისა და კოლეგების დახმარების კარგი ნაზავია.
მისიაში ყოველ დღეს თავისებურება ახლავს, რომელიც გამახსოვრდება. ერთ დღეს შეიძლება შეხვდე წარმოუდგენლად დიდ წიწილებს და მეორე დღეს ეს შეიძლება იყოს ტომარაში ჩასმული ორი ცხვარი, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეზე დაზიანებულ ხიდით გადაჰყავთ. შემდეგ დღეს შეიძლება ესაუბრო ადგილობრივებს მათი ნათესავების დაკავების შესახებ და სხვა დღეს საბავშვო ბაღს ეწვიო მისიის სხვა დამკვირვებლებთან ერთად. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მონათხრობი ყველა ისტორია ჩემში ღრმა პატივისცემას იწვევს. ყოველი დღე განსხვავებულია და ყოველ დღეს ახალი გამოცდილება მოაქვს.