გაიცანით ჩვენი დამკვირვებლები

ჩვენი პატრულირების წყალობით ხალხი თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს

17.06.2014
მარგარეტა, 55 წლის, შვედეთი

შვედეთის პოლიციაში უკვე 33 წელია ვმუშაობ. ბოლო 15 წლის განმავლობაში სასაზღვრო პოლიციაში ვმუშაობდი. ჯერ სამხრეთ შვედეთში - მალმოში და უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში - სტოქჰოლმში. ჩემი საქმიანობა სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს გამოძახების ჯგუფთან არის დაკავშირებული.

საქართველო ჩემი მესამე საერთაშორისო მისიაა. პირველი იყო ევროკავშირის სასაზღვრო დახმარების მისია რაფაჰში ღაზას სექტორში 2005-2006 წლებში. ჩვენ ის ბოლო იღბლიანები ვიყავით, ვინც გახსნილი საზღვარი ნახა. მიმდინარეობდა პალესტინის ინტიფადა და მას შემდეგ რაც წამოვედით საზღვარი დაიხურა და დღემდე დახურულია.

მეორე გაეროს მისია იყო ლიბერიაში, 2008-2009 წლებში. მე მევალებოდა დაკვირვება და ადგილობრივი პოლიციისთვის რჩევების მიცემა. მახსოვს ერთ სოფელში პირველი თეთრკანიანი ქალი ვიყავი, რომელიც ბავშვებს ოდესმე ენახათ. ისინი მომიახლოვდნენ, რათა მე და ჩემს თმას შეხებოდნენ, ზოგიერთი კი ყვირილით გაიქცა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისში მუშაობა  ოქტომბრის ბოლოს დავიწყე. ალბათ ჩემი სამუშაოს საუკეთესო ნაწილს ახალ ადამიანებთან შეხვედრები და საუბრები წარმოადგენს. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მოგონება საქართველოდან აღდგომის პერიოდში პატრულირებაა. ჩვენ წავედით დვანის რაიონში იმ ადგილას, რომელსაც ეკლესიის მაღლობს ეძახიან. ხალხი მოიხსენიებდა თავიანთ მიცვალებულებს ადგილობრივი წეს-ჩვეულებების მიხედვით. სუფრა ჰქონდათ საფლავებთან გაშლილი. ისინი მაშინვე მოვიდნენ ჩვენთან და სუფრასთან მიგვიპატიჟეს. ეს არის ქართველი ხალხის დიდი გულუხვობისა და სტუმართმოყვარეობის მხოლოდ ერთი მაგალითი, რომელსაც მე განსაკუთრებულად ვაფასებ.

პატრულირება სასიამოვნოა და საოფისე საქმიანობას მირჩევნია განსაკუთრებით, როდესაც კარგი ამინდია. დიდებული კავკასიის მთებიც მომხიბლავია თავისი თოვლიანი მწვერვალებით. სასიხარულოა, როდესაც ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენი პატრულირების წყალობით ისინი თავს უფრო დაცულად გრძნობენ. გარდა ამისა, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სოფლებში პატარა ბავშვებს ჩვენი დანახვა უხარიათ და ხელს გვიქნევენ.

სტოკჰოლმში, სახლში მე მოტოციკლით დავდივარ და ევროპას რამდენჯერმე შემოვუარე. მე და ჩემი კომპანიონი უფრო დიდ დროს ჩვენს აგარაკს ვუთმობთ, სადაც ბევრი საქმეა გასაკეთებელი როგორც სახლში ასევე ბაღში.
Follow us on social media