გაიცანით ჩვენი დამკვირვებლები

იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა უფრო უსაფრთხოდ იცხოვრებს

01.09.2015
იუსტინა შმიდტი, პოლონეთი

მე იუსტინა შმიდტი ვარ, პოლონეთის ქალაქ ვარშავიდან. 16 წლის განმავლობაში საზღვრის დაცვის ოფიცერი ვიყავი და ბოლო პოზიციაზე პოლონეთის საზღვრის დაცვის უმაღლესი მთავარსარდლის სპიკერის თანამდებობაზე ვმუშაობდი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩემი პირველი მისიაა საზღვარგარეთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ არაა უკანასკნელი.

მე პოლონეთის ცენტრში ვცხოვრობ და ვმუშაობ. მაქვს საკუთარი ეზო, რომელიც სავსეა ყვავილებით. მიყვარს ადამიანები, ცხოვრება და ცვლილებები. მომწონს მოგზაურობა, ლაშქრობა, თხილამურებით სრიალი, კითხვა, კულინარია და ფოტოების გადაღება. ასევე მივსდევ იოგას და მაინტერესებს ინტერიერის დიზაინი. მომავალში მინდა ეს საქმე პროფესიონალურ დონეზე ვაკეთო.

2014 წლის მარტში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ადმინისტრაციულ საზღვართან მომუშავე ჯგუფის დამკვირვებლად დავიწყე მუშაობა, რაც საშუალებას მაძლევს საქართველოს ამ ნაწილში ევროკავშირის მისიის პრაქტიკული ქმედებები დავინახო. გარდა ამისა, ჩემი ყოველდღიური სამსახური ძალიან ჰგავს იმას, რასაც სახლში, პოლონეთში, ვაკეთებდი.

ვფიქრობ, რომ ამ მისიაში ყოველი დღე თავისთავად დასამახსოვრებელია. საქართველოში ჩამოსვლამდე მაინტერესებდა როგორი ცხოვრება იქნებოდა აქ, როგორი ადამიანები შემხვდებოდნენ. ყოველი დღე გვიჩვენებს, რომ მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთი ქართველის ცხოვრება რთული და მძიმეა, მათ შეუძლიათ იპოვონ ძალა და გაიღიმონ, გესაუბრონ და მეგობრული ჟესტი გაჩვენონ.

თითქმის ყოველი დღე სავსეა საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებით. ძალიან მომწონს ეს პროცესი და საინტერესო ხალხთან მუშაობა.

მახსოვს ერთი მძიმე დღე, როდესაც ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად ვიდექი. მოულოდნელად ჩემთან პატარა ბიჭი მოვიდა, რომელსაც მშობლების ბაღში ახლად დაკრეფილი ყვავილების თაიგული ეკავა, რომელიც მომართვა. მისმა ამ საქციელმა გული გამითბო. ადგილობრივ მოსახლეობასთან პირდაპირი კონტაქტი ჩემი საქმიანობის ფასდაუდებელი ნაწილია.

ერთი რასაც მინდა ზახი გაუსვა არის საქართველოში ყოველწლიურად ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობის სტაბილური ზრდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს საინტერესო ადგილია, რომლის ნახვაც ნამდვილად ღირს.

იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა უფრო უსაფრთხოდ იცხოვრებს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოდროინდელი კონფლიქტი ჯერ კიდევ ცოცხლობს მათ მეხსიერებაში.

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

ერთი დღე დამკვირვებლის ცხოვრებიდან
მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუ ტვ 9 ის ეთერში