ზუზანა ბრუნეროვა, სლოვაკეთი
სტაბილიზაცია, ნორმალიზაცია, ნდობის აღდგენა და ანგარიშგება - ეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოთხი ქვაკუთხედი და ამასთანავე ის პირველი ოთხი სიტყვაა, რომლებიც დამამახსოვრდა საქართველოში გამგზავრებამდე წინასწარი ინფორმაციის მოსმენისას. გამოგიტყდებით, რომ იმ დღეებში ეს ჩემთვის არცთუ ისე ბევრის მთქმელი სიტყვები იყო. ვინაიდან ეს ჩემი პირველი მისია იყო, ყურადღება ძირითადად ცხოვრების ახლებური სტილისადმი ადაპტირებისკენ მქონდა მიპყრობილი. არადა ჩვენი მანდატის აღმწერი ეს ოთხი საკვანძო სიტყვა გაცილებით მეტის მომცველია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს!
გამოძიებისა და სპეციალური ინტერვენციების სფეროში პოლიციის ოფიცრად მუშაობის 16-წლიანმა გამოცდილებამ ფეთქებადსაშიშ და უკიდურესად ცვალებად გარემოში მუშაობას მიმაჩვია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონს ჩემი სამუშაო, ყოველთვის მაწუხებდა იმ ადამიანების მომავალი, ვინც ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მუშაობამ მსოფლმხედველობა შემიცვალა. ახლა მე ბოლომდე ვაცნობიერებ, რამდენად მნიშვნელოვანია ძალის გამოუყენებლობა პოსტ-კონფლიქტურ გარემოში. მე და ჩემი კოლეგები საველე ოფისიდან სხვადასხვა პროფესიული გამოცდილების მქონე ადამიანები ვართ, რომლებიც ჩვენს უნარებს საერთო მიზნის მისაღწევად ვაერთიანებთ - არ დავუშვათ საომარი ქმედებების განახლება ამ ლამაზ მხარეში.
ჩემთვის გასაოცარია ის, რომ სადამკვირვებლო საქმიანობით შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი და უფრო მშვიდობიანი საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამის საუკეთესო დადასტურებაა ადგილობრივების ღიმილიანი სახეები და გულითადი მისალმებები, რომლებითაც ისინი ყოველდღე ხვდებიან ჩვენს საპატრულო ჯგუფებს. ჩვენ უკეთესობისკენ ვცვლით სიტუაციას.