ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის „ტროიკა“ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის, ხელმძღვანელობით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (ესმი) ეწვია

18.07.2009
17 ივლისს, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარლ ბილდტი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ელჩ პერ ეკლუნდთან და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ელჩ პიტერ სემნებისთან ერთად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (ესმი) ეწვია. შვედეთი, როგორც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, „ტროიკის“ ვიზიტს უძღვებოდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, თვის ბოლოს, ესმი-ს მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, კარლ ბილდტს სურდა თავად ენახა მისიის საქმიანობა და მის მიღწევებს გაცნობოდა.

დელეგაციამ დღის პირველი ნახევარი, აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის გასაცნობად, მისიის ზუგდიდის რეგიონალურ ოფისში გაატარა. ესმი-ს ხელმძღვანელი, ელჩი ჰანსიორგ ჰაბერი, პირადად შეხვდა მინისტრს რეგიონალურ ოფისში და მისიაზე ინფორმაცია მიაწოდა. მან ხაზი გაუსვა მისიაში ბოლო ათი თვის განმავლობაში, ადგილზე ცვალებადი მდგომარეობის საპასუხოდ, განხორციელებულ ცვლილებებს და მომავალშიც მოქნილობისათვის მზადყოფნის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. ამ რეგიონში გაეროს მისიის დახურვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რამაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უფრო დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა.

დელეგაციას დატვირთული განრიგი ჰქონდა. დელეგაციის წევრები პირველად რუხის ხიდს, ხოლო შემდეგ იძულებით გადაადგილებულთა იმ კოლექტიურ ცენტრს ეწვივნენ, რომლის მაცხოვრებლებსაც აფხაზეთში თავიანთი სახლების დატოვება 90-იან წლებში მოუხდათ.

მოგვიანებით, „ტროიკა“ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად, ოძისთან, ქართული საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიას ეწვია. შემდეგ - მისიის თბილისის ოფისში, მცხეთაში მისვლამდე, წეროვანში, იძულებით გადაადგილებულთა დასახლებას ესტუმრა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ბილდტმა, მისიის საქმიანობასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა და ნათლად აღნიშნა, რომ მისიის მუშაობამ რეგიონში სტაბილურობის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. იგი ასევე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მისიის მანდატს ერთი წლით გააგრძელებენ. მისიის საქმიანობაში ცვლილებების შეტანა ან სამუშაოს მოცულობის გაზრდა მოგვიანებით იქნება განხილული. მისიისათვის აღმასრულებელი ძალაუფლების მინიჭება ან მისი საქმიანობის ოფიციალური საპოლიციო ფუნქციით აღჭურვა არ იგეგმება.




Follow us on social media