ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმატებულ ქალებს საზოგადოებას აცნობს

04.03.2012
საქართველოშიქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურმა ოფისმა საქართველოს პოლიციისა და ჯარის ქალ წარმომადგენლებსა და დუშეთის სამი საჯარო სკოლის  უფროსკლასელთა შორის შეხვედრა მოაწყო. ღონისძიება 2 მარტს, დუშეთის კულტურის სახლში ჩატარდა და შეხვედრა პირველი იყო იმ რიგ ღონისძიებათა შორის, რომლებიც მისიამ ქალთა საერთაშორისო დღეს მიუძღვნა. 

ახალგაზრდებისაგან შემდგარ აუდიტორიას სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ესაუბრნენ. მათ შორის იყვნენ პროფესიით პილოტი, პოლიციის ინსტრუქტორი, პოლიციის აკადემიის სტუდენტი, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის ქალთა ასოციაციის წარმომადგენელი და ასევე გერმანელი პოლიციელი, რომელიც ამჟამად მცხეთის რეგიონალურ ოფისში დამკვირვებლად მუშაობს. მათ თავიანთ გამოცდილებზე ისაუბრეს, როგორც იმ სფეროებში დასაქმებულმა ადამიანებმა, რომლებიც უფრო მამაკაცის პროფესიასთან ასოცირდება. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ პროფესიონალ ქალთა კარიერის განმავლობაში არსებულ სხვადასხვა გამოწვევებს გაცნობოდნენ და რაც მთავარია გაეგოთ წარმატების გზაზე  საჭირო გამბედაობისა და სიმტკიცის შესახებ.

მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ შეხვედრას და ბევრი შეკითხვა დასვეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურმა ოფისმა მომხსენებლების მიერ შერჩეული ხუთი საუკეთესო შეკითხვის ავტორს სიმბოლური პრიზი გადასცა.

მსგავსი ღონისძიება მცხეთის კულტურის სახლში 9 მარტს გაიმართება და მასში მონაწილეობას მცხეთის ორი საჯარო სკოლის უფროსკლასელები მიიღებენ.

წელს ქალთა საერთაშორისო დღის დევიზია: ”ვაკავშირებთ გოგონებს, შთავაგონებთ წარმატებულ მომავალს”.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონალური ოფისები ზუგდიდში, გორსა და მცხეთაში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებს აწყობენ. მთავარი ღონისძიება ყველა რეგიონალური ოფისისათვის ევროვიზიის მონაწილე სამი ცნობილი ქართული გოგონების ჯგუფის (ქენდი, რომელმაც 2011 წლის ევროვიზიის საყმაწვილო კონკურსში გაიმარჯვა, მარი დარი და ბზიკები) საკონცერტო ტურნეა. კონცერტების დროს მომღერლებს საშუალება ექნებათ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარონ თუ როგორ მიაღწიეს წარმატებას.

კონცერტების ჩატარების თარიღები, დრო და ადგილი:

6 მარტი, 16:00 მცხეთის კულტურის სახლი
7 მარტი, 16:00 გორის საგანმანათლებლო და კულტურის ცენტრი 
8 მარტი, 16:00 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი

Follow us on social media