ბოლო კვირების განმავლობაში, ცუდი ამინდისა და რთული საგზაო პირობების მიუხედავად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე სადამკვირვებლო საქმიანობას განაგრძობს. განსაკუთრებით რთული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე მიდამოებში გადაადგილება გამოდგა, რადგან გზა მთაგორიანია და ხშირად შეურემონტებელი.
ზოგჯერ რელიეფი მაღალი გამავლობის მანქანებისთვისაც ქმნიდა პრობლემებს და მისიის დამკვირვებლები ყველაზე შორეულ ადგილებამდე მისასვლელად მონიტორინგს ფეხით განაგრძობდნენ. მისიის თანამშრომლები აკვირდებიან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულებას და ასევე ადგენენ ანგარიშებს იმ საკითხებზე რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობაზე ახდენს გავლენას. მათ შორის არის გადაადგილების თავისუფლება და ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავშირებული პრობლემები. დამკვირვებლების საქმიანობამ ხელი შეუწყო მდგომარეობის სტაბილიზაციას და მათი ობიექტური ანგარიშები ხშირად ადგილობრივი ხელისუფლების ან არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღებას კონკრეტულ საკითხებზე და პრობლემებზე მიაპყრობს.