ახალი ამბები და სტატიები

SALTO EECA ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრეზენტაციაზე

16.11.2012
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა სასწავლო ვიზიტის „ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ საქართველოში“ მონაწილეებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტრუქტურის, მანდატისა და მისი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა. ვიზიტი მხარდაჭერის, ინტენსიური სწავლებისა და ტრენინგების აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურს ცენტრის მიერ არის ორგანიზებული, რომელიც ევროპის ახალგაზრდათა პროგრამის ნაწილია (SALTO EECA). ბრიფინგს  ბულგარეთიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ირლანდიიდან, იტალიიდან, ლუქსემბურგიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, სლოვენიიდან, შვედეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ახალგაზრდათა საკითხებზე მომუშავე ოცდაათამდე გამოცდილი სოციალური მუშაკი დაესწრო.

აუდიტორია დაინტერესებული იყო უფრო მეტი გაეგო მისიის საქმიანობის  შესახებ სტაბილიზაციის, ნორმალიზაციის, ნდობის აღდგენისა და ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირების სფეროებში. მისიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ობიექტური ინფორმაციის მოსაპოვებლად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია პატრულირებას ახორციელებს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, ხელმოწერილი აქვს ურთიერთგაგების მემორანდუმები საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებთან, აქვს რეგულარული კავშირი სხვადასხვა ორგანიზაციებთან (როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან) ადგილზე და ხშირად ესაუბრება ადგილობრივ მოსახლეობას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის და სატელეფონო ცხელი ხაზის მნიშვნელობა დაძაბულობის განმუხტვის საქმეში. აუდიტორიის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, მაგრამ მისი საქმიანობის შედეგად ადგილზე შეგროვებულ ინფორმაციას მისია უზიარებს იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ საშუალება დაეხმარონ გაჭირვებულ ადამიანებს.


Follow us on social media