10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესა და ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კამპანიის დასრულებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურმა ოფისმა მცხეთის საჯარო ბიბლიოთეკაში კონფერენცია გამართა. კონფერენციას ადგილობრივი არასამთავრობო, ქალთა ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ პოლიციისა და მუნიციპალური ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები. მცხეთა - მთიანეთის რეგიონის პოლიციელ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ, არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42 მუხლის" საბჭოს წევრმა და ქალთა ორგანიზაციის „ფონდი ტასო“-ს დირექტორმა თავიანთ პრეზენტაციებში გენდერული ძალადობის სხვადასხვა ასპექტები განიხილეს. ასევე ნაჩვენები იყო ვიდეო-კლიპები საკითხის გლობალური ხასიათის წარმოსაჩენად და გენდერული ძალადობის აღმოსაფხვრისა და თავიდან აცილების მიზნით საზოგადოებრივი ძალისხმევის წასახალისებლად.