ახალი ამბები და სტატიები

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

20.02.2023
თბილისი, 2023 წლის 20 თებერვალი – საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  ახალი ხელმძღვანელი, დიმიტრიოს კარაბალისი, მისი მოვალეობის შესასრულებლად დღეს თბილისში ჩამოვიდა. 

„ძალიან მოხარული და აღელვებული ვარ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მუშაობის დაწყებით. წელს მისია საქართველოში ყოფნის მე-15 წელს აღნიშნავს. თუმცა, ჩვენი დამკვირვებლები ისევე მოწადინებულები არიან, როგორც პირველ დღეს, მისიის მიზნის მიღწევის მხრივ, რომელიც მდგომარეობს საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობაში. ჩემთვის პატივია ასეთი მოწადინებული გუნდის ხელმძღვანელობა და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მათ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, ხშირად რთულ ვითარებაში“, - თქვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჩამოსვლისას.

2023 წლის 31 იანვარს ევროკავშირის საბჭოს მიერ დანიშნული დიმიტრიოს კარაბალისი არის დიდი გამოცდილების მქონე ბერძენი დიპლომატი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში დანიშვნამდე ის იყო საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის, უკრაინის, მოლდოვას, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხების დირექტორი. ბატონი კარაბალისი საქართველოში პირველ თანამდებობას საბერძნეთის ელჩის რანგში 2017 წლიდან 2021 წლამდე იკავებდა. 

ბ-ნი კარაბალისი სწავლობდა საჯარო სამართალსა და პოლიტიკურ მეცნიერებებს ათენის ეროვნულ უნივერსიტეტში და საერთაშორისო ურთიერთობებს ლონდონის ეკონომიკის სკოლაში.


Follow us on social media