ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის გამარჯვებულის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა თბილისში

17.11.2023

თბილისი, 20 ნოემბერი 2023 წელიდღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, დიმიტრიოს კარაბალისი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაესწრო დოკუმენტური ფილმის, „მუჰაჯირების მემკვიდრეობა - აფხაზები აჭარიდან“ პრემიერას. ფილმის რეჟისორია ლელა კუნჭულია, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 2022 წლის სპეციალური პრიზის გამარჯვებული. ფილმის წარმოების ფინანსურად უზრუნველყოფა მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 2022 წლის მშვიდობის პრიზის მეშვეობით. ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის თანაორგანიზებით გამართულმა ღონისძიებამ უმასპინძლა 60-ზე მეტ აკადემიური წრის წარმომადგენელს, ჟურნალისტს, სტუდენტს და ექსპერტს.  

ფილმი წარმოადგენს ნერიმანის, აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდა მუსლიმი ქალის პორტრეტს. ნერიმანი არის აფხაზი მუჰაჯირების შთამომავალი, რაც არის მუსლიმი ხალხის სახელი, რომელიც პოლიტიკური მიზეზებით აიძულეს დაეტოვებინა აფხაზეთი მე-19 საუკუნეში. მისი პირადი ისტორია მოგვითხრობს თუ როგორ იცავს ჯერ კიდევ  მისი ოჯახი აჭარაში, მათ სოფელში აფხაზურ ტრადიციებს, ამ რეგიონში მისი წინაპრების ჩამოსვლიდან 150 წლის შემდეგაც.   ის ასევე გვაჩვენებს, თუ როგორ გვერდი-გვერდ, მშვიდობიანად, ცხოვრობს მუსლიმი თემი თანამემამულე აჭარლებთან.

ჩვენებამდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მიმართა დამსწრე საზოგადოებას: „მე მჯერა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი ისტორიების მოყოლა, სადაც თანაგრძნობა და პატივისცემა სჭარბობს სიძულვილის ენას ყველაფრის მიმართ, რაც განსხვავებულია - ან შეიძლება მხოლოდ გამოიყურებოდეს - განსხვავებულად. რადგან კონფლიქტები და ომები ძალიან ხშირად იწყება რაიმე უცნობის ან უცხოს „სხვად“, „მტრად“ წარმოჩენით. ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების პატივისცემა შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არამხოლოდ გვამდიდრებს, როგორც ადამიანებს და საზოგადოებებს, არამედ მივყავართ უფრო მდგრად მშვიდობამდე,“ თქვა დიმიტრიოს კარაბალისმა თავის მისასალმებელ სიტყვაში.  

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა წარმოადგენს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მთავარ მიზანს. „ამიტომაც ვუჭერთ ჩვენ მხარს ავტორებს და ჟურნალისტებს, რომლებიც იზიარებენ იგივე ღირებულებებს და მუშაობენ იგივე მიზნების მისაღწევად.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში წარმოადგენს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული, ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის რვა კატეგორიიდან ერთ-ერთს. 2013 წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამ პრიზს ანიჭებს დამოუკიდებელი, კონფლიქტის მიმართ მგრძნობიარე ჟურნალისტიკის წარმოსაჩენად, რომელიც ხელს უწყობს ნდობის აღდგენას და გრძელვადიან მშვიდობას საქართველოში. 

საპრემიერო ჩვენების შემდეგ, რეჟისორთან და ექსპერტებთან გამართულმა დისკუსიამ მისცა დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა გაეზიარებინა შეხედულებები და გამოცდილება აფხაზ მუჰაჯირებთან, ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებასთან, დაყოფილი თემების შერიგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.  

Follow us on social media