ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გარემოს მსოფლიო დღის აღსანიშნავად შეუერთდა ადგილობრივ პარტნიორებს

10.06.2024

5 ივნისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, მის სამ რეგიონალურ ოფისში გასვლითი ღონისძიებების სერიის ორგანიზებით აღნიშნა გარემოს მსოფლიო დღე. ეს ღონისძიებები მიმართული იყო გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ და მისი კავშირისკენ დაცულობასა და უსაფრთხოებასთან. არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩაერთო საგანმანათლებლო და პრაქტიკულ მრავალფეროვან ღონისძიებებში მომავალი თაობებისთვის გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობის ხაზგასასმელად.  

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, სოფლის თემების განვითარების სააგენტოს ექსპერტებთან ერთად ეწვივნენ სკოლას ფრეზეთის დევნილთა კოლექტიური ცენტრის მახლობლად და სკოლის მოსწავლეებთან ჩაატარეს ინტერაქტიული სესიები, რომელთა შორისაც იყო სასმელი წყლის ხარისხის შემოწმების პრაქტიკული აქტივობა. მოსწავლეებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს სამხატვრო კონკურსში გარემოს თემაზე, რომლის გამარჯვებულებმაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან სპეციალური საჩუქრები მიიღეს. დღე დასრულდა სკოლის ეზოში ხეების დარგვის ცერემონიით, რამაც ახალგაზრდა მონაწილეებში პასუხისმგებლობის გრძნობა და ბუნებასთან კავშირი წარმოქმნა. 

 

კიდევ ერთი ინიციატივა განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-თან პარტნიორობით და მისი მეშვეობით მოეწყო დასუფთავებს აქცია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს მდებარე სამი სკოლის მოსწავლეებთან ერთად. საერთო ძალისხმევით წარმატებულად გატანილ იქნა 100 კგ-ზე მეტი ნაგავი, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის უფრო სუფთა გარემოს შექმნაში წვლილის შესატანად.   

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ასევე ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შესწირა მცენარეები, რომლებიც სპეციალურად იყო შერჩეული ბაღის საჭიროებების გათვალისწინებით და მონაწილეობა მიიღო მათ დარგვაში ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებთან ერთად. 

 

ამ ღონისძიებების მეშვეობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხაზს უსვამს მის ერთგულებას ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების მიმართ, განსაკუთრებით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში, სადაც მდგრადი პრაქტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სოციალურ-ეკონომიკური  გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებიც დგას კონფლიქტით დაზარალებული თემების წინაშე.

გარემოს მსოფლიო დღე სათავეს იღებს 1972 წელს სტოკჰოლმის კონფერენციიდან, რომელიც გახდა გადამწყვეტი გარემოს საკითხების გლობალურ დღის წესრიგში მოსახვედრად. კონფერენციის შედეგად მიღებულ იქნა სტოკჰოლმის დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა, რომელმაც მოიცვა ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის საჭიროებაზე ხაზგამსმელი 26 პრინციპი.

Follow us on social media