ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ტოივო კლაარი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

11.12.2013
11 დეკემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ტოივო კლაარსა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა თბილ მეგობრულ ატმოსფეროში ჩატარდა.მხარეებმა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებული მოსაზრებები გაცვალეს.

მინისტრმა კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ადგილზე სტაბილურობის გაუმჯობესების საკითხში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი აღნიშნა.

ორივე მხარემ დადებითად შეაფასა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში არსებული ერთობლივი საქმიანობის მაღალი ხარისხი და მხარეები ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ასევე, მათ უახლოეს მომავალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული გალის შეხვედრების შესაძლო აღდგენის იმედი გამოთქვეს. 

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება