ახალი ამბები და სტატიები

წყალი სიცოცხლეა

15.12.2015
“წყალი ხურვალეთიდან პატარა დოქებით მოგვქონა, რომელიც აქედან ორი კილომეტრით არის დაშორებული; საჭმელის მომზადების და ჭურჭლის გარეცხვისთვის ძლივს გვყოფნიდა," ამბობს ელენე მაკიშვილი და წყალს დოქში ასხამს. "ერთი წლის განმავლობაში მთავრობა სახანძრო მანქანებს აგზავნიდა წყლის მოსაწოდებლად."

ელენე მის შვილთან, რძალთან და სამ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. მის მშობლიურ სოფელ ახალ ხურვალეთში მზიანი შემოდგომის დღეა. იგი ჭურჭელს რეცხავს, სანამ მისი ერთ-ერთი შვილიშვილი სკოლაში წასვლამდე საშინაო დავალებას ასრულებს.

"2008 წლის ომამდე სოფელში წყალი გვქონდა, მაგრამ ომის შემდეგ წყლის სათავე მეორე მხარეს დარჩა", ამბობს ელენე. "როდესაც ადგილობრივებმა მეორე მხარეს სოფელში წყლის სისტემა შეაკეთეს, ჩვენი მილი დააზიანეს. დღეს ჩვენი პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია, მას შემდეგ, რაც წითელი ჯვრის დახმარებით ჩვენ სოფელში რეზერვუარი დამონტაჟდა".

ადგილობრივი სკოლის სპორტულ მოედანზე ბავშვები ვარჯიშობენ. სოფლის მაცხოვრებლები ყოველდღიური საქმიანობით არიან დაკავებულები, მოაქვთ წყალი, სკამზე ჩამომსხდარები საუბრობენ ან საქონელს მწყემსავენ. რომ არა სამხედრო საგუშაგო და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების დასახლება, ახალი ხურვალეთი შიდა ქართლის რეგიონის ნებისმიერი სხვა სოფელივით გამოიყურება.

ახლაც, ის 76 მოსახლე, რომელთაგან 17 მუდმივად ცხოვრობს სოფელში, კვლავ ყოველდღიურად გრძნობს 2008 წლის აგვისტოს ომის ზეგავლენას. ახალი ხურვალეთი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს და 2012 წლის იანვრიდან სოფელი მავთულხლართებით ორ ნაწილად არის გაყოფილი.

„ჩვენი ბაღისა და ბოსტანის ყველაზე ლამაზ ნაწილში ვერ შევდივართ“, - ამბობს ელენე და სივრცეს გასცქერის. „ახლა ეს ტერიტორია მავთულხლართების მიღმაა“. ისევე როგორც მისი მეუღლის საფლავი სასაფლაოზე, სადაც იგი მრავალი წელია ვეღარ მიდის.


"არ არსებობს პირდაპირი დიალოგი ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ"

როდესაც რობერტმა, ნენსიმ, სამირამ და ნანამ ელენეს კარზე დააკაკუნეს, ის მათ ღიმილით მიესალმა და ეზოში თბილად შეიპატიჟა. ჩანს, რომ ისინი საკმაოდ კარგად იცნობენ ერთმანეთს. სტუმრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ლურჯი ქურთუკები აცვიათ.

როდესაც რობერტმა და მისმა ჯგუფმა ახალი ხურვალეთში დიდი ხნის განმავლობაში არსებული წყლის პრობლემის შესახებ შეიტყო, ეს ინფორმაცია წითელ ჯვარს აცნობა, რომელაც წყალსადენი შეაკეთა და რეზერვუარი სწორედ ელენეს სახლთან დაამონტაჟა. რადგან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არ არის ჰუმანიტარული ორგანიზაცია, დამკვირვებლები სოფლის მაცხოვრებლების მატერიალური პრობლემების შესახებ მიღებულ ინფორმაციას პარტნიორ ორგანიზაციებს ატყობინებენ.
"წყალი ერთ-ერთი ისეთი საკითხია, რომელზეც სულ გვესმის," ამბობს რობერტ მენგემი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის ადამიანის უსაფრთხოების ჯგუფის ლიდერი.

"წყლის პრობლემის გადაწყვეტა ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის დიალოგშია" განაგრძობს რობერტ მენგემი. "ისინი უნდა ესაუბრონ ერთმანეთს და ითანამშრომლონ, რათა იპოვონ ადგილობრივი გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ, კონფლიქტის გამო არ არსებობს პირდაპირი დიალოგი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ."

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისია გამოგზავნა, რომელიც სხვადასხვა სამოქალაქო, სამხედრო და საპოლიციო გამოცდილების მქონე 200 საერთაშორისო დამკვირვებლისგან შედგება. რობერტი ბრიტანეთის მოქალაქეა და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში დიდი გამოცდილება აქვს, სამირა შვედი ჟურნალისტია, რომელიც ჰებრონიდან მსგავსი მისიიდან ჩამოვიდა და ნენსი პოლიციის ოფიცერია ჰოლანდიიდან.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფები სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან ყოველ დღე აწარმოებენ დაკვირვებას და ადგილობრივ მოსახლეობაზე კონფლიქტის გავლენის შესახებ წარადგენენ ანგარიშებს. წყლის ხელმისაწვდომობის პრობლემა ხშირად გვხვდება ისეთ საკითხებს შორის, როგორიცაა მიწის, განათლების, სოციალური მომსახურებისა და რელიგიური ადგილების ხელმისაწვდომობა, რაც გამყოფი ხაზების არსებობით არის გამოწვეული.


გაყოფილის გამთლიანება

"ყოველთვიური შეხვედრები, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით იმართება, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სახის პრობლემების რეალურად გადასაწყვეტად", - ამბობს რობერტი.

რობერტი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმს გულისხმობს. 2009 წლიდან წარმომადგენლები ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარიდან ყოველთვიურად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ამ შეხვედრებისთვის გაშლილ კარავში იკრიბებიან. შეხვედრების დაწყებამდე მონაწილეები გამყოფ ხაზებს კვეთენ და ბეტონის დაბრკოლებებისა და მოქმედი საგუშაგოს უკან იკრიბებიან.

"ჩვენ ვცდილობთ მოველაპარაკოთ ჩვენს კოლეგებს რუსეთის ფედერაციიდან და ცხინვალიდან, რათა შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ პროექტების განხორციელება, რომელიც ერთიან მიდგომას და საერთო მხარდაჭერას მოითხოვს," ამბობს კახაბერ ქემოკლიძე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ქართველი მონაწილე.

მოლაპარაკებების მონაწილეები და მათი წარმომადგენლები ერთმანეთს ხელს ართმევენ და თავაზიანად მოიკითხავენ ისეთ გარემოში, რომელიც მკვეთრად განსხვავდება ამ უშუალო ატმოსფეროსგან, სადაც ყველაფერი კონფლიქტს და შემდგომ განხეთქილებას გვახსენებს.


ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების გარდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერით მოქმედებს 24 საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზი, რომელიც მხარეებს შორის კონტაქტს უზრუნველყოფს. ინციდენტის შემთხვევაში, ცხელი ხაზი გადამწყვეტი ინსტრუმენტია, რათა ინფორმაციის გაცვლის მეშვეობით დაძაბულობა განიმუხტოს.

"ძნელია გადაჭარბებით შეაფასო ამ ადამიანური დიალოგის მნიშვნელობა“, - ამბობს ხოხ გაგლოითი, მონაწილე სამხრეთ ოსეთიდან. "როდესაც ჩვენ ვცდილობთ საკითხები ღიად, პასუხისმგებლობით და ობიექტურად განვიხილოთ, ვხედავთ, რომ არ არსებობს შავი და თეთრი და ეს კარგია."


ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრა

იხილეთ ელენეს ისტორია მოცემულ ბმულზე: eumm.eu/ge/new_media_gallery

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება