ახალი ამბები და სტატიები

"აქცენტის" ინტერვიუ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან კიასტუტის იანკაუსკასთან

01.03.2017
კიასტუტის იანკაუსკასი: “კონფლიქტის მართვის ეტაპიდან მის უშუალო მოგვარებაზე გადასვლას დრო და მოთმინება დასჭიდება. ამასობაში ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები მოსახლეობისთვის უარყოფითი გამოწვევები სავარაუდოდ გაგრძელდება“

–როგორც ცნობილია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ვრცელდება, თუმცა სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებები დღემდე არ აძლევენ მისიას მათ კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას. რამდენად ეფექტურია, თქვენი შეფასებით, ამ პირობებში მისიის საქმიანობა, რა კეთდება ამ მდგომარეობის შესაცვლელად და ხედავთ თუ არა ამის რეალურ პერსპექტივას?

–დიახ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი თავიდანვე საქართველოს მთელს ტერიტორიას მოიცავდა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ისიც მართალია, რომ მისია არასდროს იყო დაშვებული აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში. ჩვენ ეს სამწუხაროდ მიგვაჩნია, რადგან მისია არის საერთაშორისო დაკვირვების ერთადერთი არსებული მექანიზმი. ჩვენი მიზანია, დაკვირვებისას "ოპერაციული მიუკერძოებლობის" პრინციპი მკაცრად დავიცვათ.

მიუხედავად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის ხელმისაწვდომობის არარსებობისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თავის მოვალეობებს 8 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში წარმატებით ახორციელებს. ჩვენ ინტენსიურად ვაწარმოებთ პატრულირებას ორივე ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ და ვაკვირდებით, რასაც შეგვიძლია, ორივე მხარეს. ცოტა ხნის წინ ჩვენ განვაახლეთ დაკვირვების ტექნიკური საშუალებები, რაც მონაცემების შეგროვების გაუმჯობესებას ნიშნავს.

ჩვენ განვაგრძობთ საუბრებს მიმომსვლელებთან - იმ ადამიანებთან, რომელთაც შეუძლიათ ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს გადასვლა და რომლებიც დაინტერესებულნი არიან, გვითხრან, თუ რა ხდება იქ. ჩვენ ასევე ვიყენებთ დაკვირვების ყველა სხვა ხელმისაწვდომ საშუალებას, როგორიცაა ინფორმაცია ღია წყაროებიდან და ანალიზი, რათა მოვახდინოთ ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს შესვლის შეუძლებლობის კომპენსირება.

ჩვენ ვმონაწილეობთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთისა და გალის შეხვედრებში და ვამუშავებთ სატელეფონო ცხელ ხაზს, რომლის მეშვეობითაც უსაფრთხოების სფეროში მოქმედ სტრუქტურებს შეუძლიათ ინფორმაციის გაცვლა ადგილზე არსებული სიტუაციისა და ღონისძიებების შესახებ.

მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებიანად ვაკვირდებით მოვლენებს ყველგან და ბევრი რამ ვიცით. ეს ყველაფერი ინტეგრირებულია და ანგარიშის სახით ბრიუსელს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ასევე უფრო ფართო საერთაშორისო თანამეგობრობას მიეწოდება.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, რომლებსაც აქვთ ადმინისტრაციული საზღვრების მეორე მხარეს შესვლის შესაძლებლობა და ვეხმარებით მათ ადგილზე არსებული ფაქტობრივი ინფორმაციის მიწოდებით.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ევროკავშირის სხვა წარმომადგენლები მუდმივად აყენებენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მისიის შესვლის შესაძლებლობის საკითხს. იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს მისია ამ შესაძლებლობას მოიპოვებს და ეს სასარგებლო იქნება ყველასთვის, რადგანაც მისია შეძლებს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ უფრო დეტალური ანგარიშების წარდგენას და უკეთესად გაიგებს ყველა გამოწვევასა და პერსპექტივას.

სტატიის სრული ვერსიის სანახავად გთოვთ ეწვიოთ ბმულს:  http://accent.com.ge/ge/news/details/30154
Follow us on social media