პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 103-ე შეხვედრა ჩატარდა

18.11.2021
ერგნეთი, 18 ნოემბერი 2021 წელი — საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის  თანათავმჯდომარეობით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 103-ე შეხვედრა ჩატარდა დღეს ერგნეთში. მიმდინარე COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებით, შეხვედრის ადგილზე დაცული იყო სიფრთხილის  ყველა საჭირო ზომა.

მონაწილეებმა განიხილეს გადაკვეთის პუნქტების დახურვა და სხვა შეზღუდვები რომლებიც გავლენას ახდენს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრებაზე. მათ ყურადღება გაამახვილეს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ უახლეს მოვლენებზე, დაკავებების შემთხვევებზე, ჩორჩანა-წნელისის რაიონში არსებულ ვითარებასა და COVID-19 პანდემიის შედეგებზე.

ანიკა სოდერმა, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, მოუწოდა მონაწილეებს გამოიყენონ პრაგმატული და ჰუმანიტარული მიდგომა დამდეგი  დღესასწაულების პერიოდში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფასებს მონაწილეთა მოწადინებულობას ჩაერთონ ინფორმაციის რეგულარულ გაცვლაში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში.

ქეით ფიერონმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, კიდევ ერთხელ მოუწოდა მონაწილეებს გააგრძელონ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების, ისევე როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის გამოყენება ინფორმაციის გაცვლისთვის და აღნიშნა მათი მნიშვნელობა ნდობის აღდგენისთვის.


თანათავმჯდომარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას და მოუწოდეს ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების მიღებისკენ, რომლებიც ხელს შეუწყობენ ჰუმანიტარულ პრინციპებს, ადამიანის უფლებებს და დადებითად პასუხობენ ადმინსიტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებს. მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ ყველა ძალისხმევას გადაადგილების მეტი თავისუფლების აღდგენის მიზნით. შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ის შემდგომ ინტეგრირებული იყოს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. 

მონაწილეები შეთანხმდნენ, შემდგომი შეხვედრის დაგეგმვაზე 2022 წლის 20 იანვარს.

Follow us on social media