დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსების მე-14 წლისთავთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
ზუსტად 14 წლის წინ, 2008 წლის 15 სექტემბერს, ევროკავშირის საბჭომ ერთობლივი გადაწყვეტილებით შექმნა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა განმარტა, თუ როგორ შეუწყო ხელი გასული 14 წლის განმავლობაში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სტაბილურობას როგორც საქართველოში, ისე უფრო ფართო რეგიონში. მისიის მუშაობის 4 მიმართულებაზე დაყრდნობით - სტაბილიზაცია, ნორმალიზაცია, ნდობის აღდგენა და ევროკავშირის პოლიტიკის ინფორმირება - მან ხაზი გაუსვა ძირითად მოვლენებსა და გამოწვევებს. მან გამოიყენა შესაძლებლობა და წარმოადგინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი კორპორატიული ვიდეო, რომელიც ხაზს უსვამს მისიის მანდატსა და საქმიანობას.
სტაბილიზაცია
მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა განაცხადა, რომ მისია ამჟამად ახორციელებს დაახლოებით 15 პატრულირებას დღეში, ანუ დაახლოებით 100 პატრულირებას კვირაში. Covid-ის პანდემიის პიკის დროსაც კი, მისიამ მოახერხა რეგულარული და თვალსაჩინო წარმომადგენლობის შენარჩუნება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ. 2008 წლის პირველი ოქტომბრიდან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 82021 პატრულირება განახორციელა.
მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი: „ჩვენი 24/7 ადგილზე დაკვირვების მეშვეობით განსაკუთრებით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ, ჩვენ თვალს ვადევნებთ, რომ ადგილი არ ჰქონდეს საომარი მოქმედებების განახლებას. ამას აქვს პრევენციული ეფექტი: მხარეებმა იციან, რომ ჩვენ პატრულირებას ვახორციელებთ და შეგვიძლია დავამოწმოთ მათ მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება. შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია უფრო სტაბილურია, ვიდრე კონფლიქტის დასრულებისთანავე. “
ნორმალიზაცია
თუმცა, როდესაც საქმე ნორმალიზებას ეხება, ეს შედარებითი სტაბილურობა მიმდინარეობს მუდმივად მზარდი გამოწვევების ფონზე. მისიის ხელმძღვანელმა შჩიგელმა განმარტა, რომ 2 თვითგამოცხადებული რეგიონის დანარჩენი საქართველოსგან გამოყოფისა და იზოლაციის განცდა იზრდება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გადაკვეთის პუნქტების დაკეტვისა და მიმდინარე „ბორდერიზაციის“ მოქმედებების გამო.
ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ შეამცირა მათი საზოგადოებრივი ურთიერთობების შენარჩუნების, საკუთრების უფლებების დაცვის, ღირსეული შემოსავლის და ბავშვების მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა.
ამასთან დაკავშირებით, მისიის ხელმძღვანელმა შჩიგელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ დაკავებები ქმნის დამატებით ფსიქოლოგიურ ბარიერებს, ფიზიკურ ბარიერებთან ერთად და, როგორც ასეთი, აწესებს დამატებით შეზღუდვებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე.
მისიის ხელმძღვანელი შჩიგელი: „ამჟამად ცხინვალში დაკავებულია საქართველოს 4 მოქალაქე და სოხუმში 2. ხელმისაწვდომი პლატფორმების საშუალებით, ჩვენი მისია მუდმივად მოუწოდებს ამ დაკავებულების სწრაფი გათავისუფლების და ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენებისკენ.”
მისიის ხელმძღვანელმა შჩიგელმა ბოლოსკენ მიუთითა უკანასკნელ დროს განვითარებულ პოზიტიურ მოვლენებზე აღდგომისა და ლომისობის დღესასწაულების დროს და 20-30 აგვისტოს პერიოდში გადაკვეთის პუნქტების დროებით გახსნასთან დაკავშირებით. „იმ დღეებში გადაკვეთების მაღალი რაოდენობა მეტყველებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარე მცხოვრებ მოსახლეობას შორის დარჩენილ ძლიერ კავშირებზე“, - განმარტა მან.
ნდობის აღდგენა
მისიის ხელმძღვანელმა შჩიგელმა განმარტა, რომ პარასკევს, 23 სექტემბერს, ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 108-ე შეხვედრა გაიმართება. „წლების განმავლობაში, შეხვედრებს მრავალი პრაქტიკული მიღწევა მოჰყვა, დაწყებული დაკავებულების გათავისუფლებით და გაგრძელებული ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარის თანამშრომლობით, სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე “, ხაზი გაუსვა მისიის ხელმძღვანელმა შჩიგელმა, აღნიშნა რა შეხვედრების მნიშვნელობა.
გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის გადამწყვეტ როლს, როდესაც საკითხი ან ინციდენტი საჭიროებს დაუყოვნებლივ ყურადღებას, რადგან ის იძლევა ინფორმაციის გაცვლის საშუალებას 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე. „დაარსების დღიდან ცხელი ხაზი 17781-ჯერ გააქტიურდა. ცხელი ხაზის გააქტიურების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მექანიზმი დიალოგის გასაგრძელებლად და საკითხების სწრაფად და პრაქტიკული გზით გადასაჭრელად “, - თქვა შჩიგელმა.
ევროკავშირის პოლიტიკის ინფორმირება
დასასრულს, მისიის ხელმძღვანელმა შჩიგელმა განმარტა, თუ როგორ უწყობს ხელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკას საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონთან მიმართებაში მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციის წარდგენითა და გადაცემით. გარდა ამისა, მან მოიყვანა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მაღალი დონის ვიზიტების მაგალითები, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებიდან, ასევე წევრი სახელმწიფოებიდან: „ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რათა გადაწყვეტილების მიმღებებმა საკუთარი თვალით დაინახონ უსაფრთხოების ვითარება. ეს მათ საშუალებას აძლევს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და განავითარონ უკეთესი პოლიტიკა რეგიონის მიმართ “.
ახალი კორპორატიული ვიდეო
პრესკონფერენციის დასრულებისას, მისიის ხელმძღვანელმა შჩიგელმა, წარმოადგინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი კორპორატიული ვიდეო. ის ხაზს უსვამს იმას თუ ვინ ვართ ჩვენ, რას ვაკეთებთ, მაგრამ განსაკუთრებით იმას თუ რატომ ვაკეთებთ ამას. ჩვენი მთავარ მიზანი უცვლელი რჩება: შევიტანოთ წვლილი სტაბილურობაში საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში.