პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 110-ე შეხვედრა შედგა

18.01.2023

ერგნეთი, 17 იანვარი 2023 წელი - დღეს ერგნეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, დოქტორ ტიბორ კოზმას და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 110-ე შეხვედრა შედგა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს მონაწილეთა მოწადინებულობა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მიმართ. ელჩმა მოშანუმ ისაუბრა 2023 წელს ჩრდილოეთ მაკედონიის ეუთოს  თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე და ადგილზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არსებული ძალისხმევის გაგრძელების პირობა დადო.

თანათავმჯდომარეები მიესალმნენ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გადაკვეთის ორი პუნქტის დროებით გახსნას დეკემბრის ბოლოს და გამოხატეს სინანული, მსგავსი მიდგომის მართლმადიდებლური შობის პერიოდში გამოუყენებლობისთვის. გარდა ამისა, თანათავმჯდომარეებმა გაიმეორეს თავიანთი მოწოდებები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე რეგულარული მოძრაობისთვის გადაკვეთის პუნქტების სრულად ხელახლა გახსნის შესახებ, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას უფრო უსაფრთხოდ ცხოვრების და თავიანთი საარსებო წყაროების უკეთ უზრუნველყოფის საშუალებას მისცემს.

დოქტორმა კოზმამ და ელჩმა მოშანუმ ასევე გამოხატეს თავიანთი შეშფოთება დაკავებების არსებული შემთხვევების მუდმივი სიმრავლის გამო და გააკეთეს მოწოდება დაკავებულთა დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მონაწილეებმა განიხილეს საგანგებო ევაკუაციათა ბოლოდროინდელი შემთხვევები, ასევე საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებასა და საარსებო წყაროებზე, მათ შორის ‘ბორდერიზაციის‘  უწყვეტ ქმედებებზე.

მონაწილეები შეთანხმდნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მომდევნო შეხვედრის 2023 წლის 2 მარტს და სარწყავ წყალთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ტექნიკური შეხვედრის 2023 წლის 3 მარტს ჩატარებაზე.

Follow us on social media