პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

10.03.2023

დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, დიმიტრიოს კარაბალისი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად საკუთარი თავის წარდგენის შემდეგ, ბ-მა კარაბალისმა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უსაფრთხოების ვითარების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა კონკრეტულ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც კვლავ დგას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება გადაადგილების თავისუფლებას. ამასთან დაკავშირებით, მისიის ხელმძღვანელმა კარაბალისმა განმარტა, რომ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრის დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, ეუთოსთან ერთად, მხარი დაუჭირა სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მოხსნას დამდეგი აღდგომის სადღესასწაულო პერიოდის დროს. მისიის ხელმძღვანელმა ასევე გამოიყენა შესაძლებლობა, ხაზი გაუსვა მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის და ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მნიშვნელობას, როგორც ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ სტაბილურობასა და ნდობის აღდგენას.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა მისიას როგორც ადგილზე არსებულ ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობას საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის. მან გამოხატა მხარდაჭერა მისიის მანდატის სრულად განხორციელების მიმართ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

Follow us on social media