პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 124-ე შეხვედრა გაიმართა

04.04.2025
ერგნეთი, 3 აპრილი, 2025 წელი – ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 124-ე შეხვედრა გაიმართა, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, კრისტოფ შპეტის და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბეტინა პატრისია ბუგანის ერთობლივი ხელშეწყობით.  

თანათავმჯდომარეები ეუთოდან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან მიესალმნენ მონაწილეების ერთგულებას ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მიმართ. მათ მოუწოდეს მონაწილეებს პრაგმატული მიდგომისკენ ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებების მოსაძებნად, რომლებიც ეფექტიანად იქნება მიმართული ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ქალებისა და მამაკაცების ადამიანური უსაფრთხოების კუთხით არსებული საჭიროებებისკენ. 

თანათავმჯდომარეებმა მხარი დაუჭირეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მოხსნას მოახლოებული მართლმადიდებლური აღდგომის სადღესასწაულო პერიოდში, ხაზი გაუსვეს რა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი თემების რელიგიურ წეს-ჩვეულებებში მონაწილეობის მიცემის შესაძლებლობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით სასაფლაოების მონახულების კუთხით. ამავდროულად, მათ გაიმეორეს მოწოდება გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნეს ასეთი ზომების დადებითი გავლენა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ ასევე მოუწოდეს მონაწილეებს შეწყვიტონ დაკავებების პრაქტიკა და მოუწოდეს მათ ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენებისკენ დაკავებების არსებული შემთხვევების გადაწყვეტის მიზნით.
 
მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს კონსტრუქციული ტექნიკური შეხვედრა სარწყავ წყალთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, რომელიც 31 მარტს მომავალი სარწყავი სეზონის წინსწრებად გაიმართა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაადასტურა თავისი მოწადინებულობა ხელი შეუწყოს ირიგაციის შესახებ ინფორმაციის გაცვლას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით და წყლის დონის გაზომვის მიმართ, ამავდროულად აღიარა დროული და ზუსტი ინფორმაციის გადამწყვეტი როლი შესაბამისი საკითხების გადაწყვეტისას. 

მონაწილეები შეთანხმდნენ, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის, შემდეგი რეგულარული შეხვედრის 2025 წლის 11 ივნისს გამართვაზე. 


Follow us on social media