პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 128-ე შეხვედრა გაიმართა

18.11.2025
ერგნეთი, 18 ნოემბერი, 2025 წელი - ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 128-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გაიმართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბეტინა პატრისია ბუგანის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, კრისტოფ შპეტის ერთობლივი ხელშეწყობით. 

თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მიმართ ყველა მონაწილის უწყვეტ ერთგულებას. მათ ხაზი გაუსვეს მის საკვანძო როლს უსაფრთხოების მხრივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტასა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებისთვის პრაქტიკული გადაწყვეტილებების მოძიებაში.

მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები უსაფრთხოების სფეროში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვებზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ კიდევ ერთხელ გამოთქვეს წუხილი დაკავებების პრაქტიკასთან დაკავშირებით. მათ მოუწოდეს მონაწილეებს ცხელი ხაზის მეშვეობით ინფორმაციის დროული გაცვლისკენ, არსებული შემთხვევების მიმართ ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენებისკენ და სწრაფი გათავისუფლებისკენ.  თანათავმჯდომარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ გადაადგილების თავისუფლების ხელშეწყობის მიზნით შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ხელს შეუწყობს ადგილობრივ თემებს შორის ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას და ნორმალურ ცხოვრების დაბრუნებას. ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობა იქნებოდა გადაკვეთის კონტროლირებადი პუნქტების დეკემბერში ფუნქციონირების პერიოდის იანვრის დასაწყისამდე გახანგრძლივება, რაც სადღესასწაულო პერიოდში გადაადგილების გაზრდის საშუალებას შექმნიდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზით გაყოფილ ოჯახებს საშუალებას აძლევს, მოინახულონ ერთმანეთი, დაესწრონ რელიგიურ მსახურებას და შეინარჩუნონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური კავშირები განსაკუთრებით იმ პერიოდში რომელიც ტრადიციულად ოჯახების გაერთიანებას ეძღვნება.

დასასარულს მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი, როგორც ეფექტური პრაქტიკული ინსტრუმენტი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე სანდო და დროული ინფორმაციის გასაზიარებლად. 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრას წინ უძღოდა ირიგაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართული ტექნიკური შეხვედრა. მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები დასრულებულ საირიგაციო სეზონთან და ამ სფეროში მიღწეულ კონსტრუქციულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. მათ დადებითად შეაფასეს ეუთოს სამ ექსპერტთან გამართული დისკუსია და აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საკვანძო როლი წყლის დონის გაზომვისას, ასევე მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის როლი ამ ინფორმაციის დროული და ზუსტი გაცვლის უზრუნველყოფისას, რაც შესამისად ხელს უწყობს ისეთ გამოწვევებთან გამკლავებას, როგორებიც არის ტირიფონის არხის ტექნიკური მომსახურება და გაწმენდა. 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის წლის ბოლო შეხვედრის გამართვა 2025 წლის 22 დეკემბერს არის დაგეგმილი.




Follow us on social media