სექტემბრის ბოლოდან, ღობეების აღმართვის პროცესის ინტენსიურობის შესუსტების შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებით აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მოცემული პროცესი კვლავ განახლდა. ეს ღონისძიებები ტრაფარეტების დამონტაჟების ფონზე მიმდინარეობს, რომლებიც მოსახლეობას აფრთხილებენ არ გადაკვეთონ ტერიტორია. მისიამ გამოიყენა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი და ყველა მხარეს მოუწოდა გაცვალონ ინფორმაცია ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ.
მისიის სადამკვირვებლო ჯგუფი გაიგზავნა დირბი-ღოღეთის მიდამოებში, სადაც პატრულირების შედეგად დაფიქსირდა წითელი ბოძების აღმართვის ფაქტი დაახლოებით 160 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე. აქედან 35 მეტრის მონაკვეთზე მავთულხლართებია გაბმული. ღობეების აღმართვის პროცესის განახლებასთან ერთად, მისია აღნიშნავს, რომ მოცემულ მიდამოში, ბოლო დროს, აქტიურად მიმდინარეობს ტრაფარეტების დამონტაჟების პროცესი, სადაც ზოგი ტრაფარეტი დამუშავებული მიწის ნაკვეთის შუაშია მოქცეული.
„ზამთრის მოახლოებასთან ერთად, წლის ამ რთულ პერიოდში, მოვუწოდებთ ყველა მხარეს გაითვალისწინოს ის ზეგავლენა, რაც მოცემულ პროცესს შესაძლოა მოსახლეობის ყოფაცხოვრებაზე, რესურსებსა და საარსებო წყაროზე ჰქონდეს“ - განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ტოივო კლაარმა.
„მოცემულ მიდამოებში პოტენციური დაძაბულობის შესამცირებლად და მისი წარმოშობის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს ამ ტერიტორიაზე პატრულირებას და ცხელი ხაზის მეშვეობით მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლის პროცესის ხელშეწყობას.“