პრეს რელიზები

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეთა პრეს-კომუნიკე

26.03.2014
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებმა ახლახანს შეხვედრების ოცდამეშვიდე რაუნდი დაასრულეს.

პირველი სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა მოლაპარაკებები ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის განიხილვით დაიწყეს. თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს არსებული შედარებით მშვიდი და სტაბილური ვითარება, რომელიც 2013 წლის დეკემბერში გამართული წინა რაუნდის შემდეგ შენარჩუნდა. თუმცა, მათ შეშფოთებით აღნიშნეს ადმინისტრაციულ საზღვრებთან სხვადასხვა ადგილებში ღობეებისა და სხვა დაბრკოლებების აღმართვის პროცესის განახლება და საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევები. ამასთან დაკავშირებით, თანათავმჯდომარეებმა ყველა მონაწილეს მოუწოდეს სათანადო ყურადღება დაეთმოს ამ საკითხებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე წარმოქმნილი პრობლემებისთვის სწორი გადაწყვეტილებების პოვნის მიზნით.

თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე კონსტრუქციულ საქმიანობას და კვლავ მოუწოდეს მონაწილეებს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეწყვეტილი შეხვედრების განახლებისკენ. მონაწილეებმა კვლავ მოიწვიეს ექსპერტები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეთა ძალის გამოუყენლობის შესახებ განცხადების პროექტზე სამუშაოდ, სადაც გარკვეული პროგრესი გამოიკვეთა. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მუშაობა ამ საკითხზე მომდევნო სხდომაზე გაგრძელდება.

მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ადგილზე არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა. მათ კვლავ გამოთქვეს შეშფოთება იმ მოვლენების ჰუმანიტარულ შედეგებზე, რომლებმაც ადმინისტრაციულ საზღვრებთან ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე იქონიეს გავლენა. მონაწილეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები პრაგმატული გადაწყვეტილებების შესახებ გადაადგილების თავისუფლებისა და მოგზაურობის შესაძლებლობის, კულტურული მემკვიდრეობისა და საირიგაციო წყლის მოწოდების თაობაზე. ასევე მათ განიხილეს დაკარგულ პირებთან, დაკავებულებთან და დევნილებთან დაკავშირებული საკითხები.

გუშინ მონაწილეები "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებზე" საინფორმაციო სესიას დაესწრნენ.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა 2014 წლის 17-18 ივნისს გაიმართება.
Follow us on social media