პრეს რელიზები

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის/ ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ

13.06.2018
სტრასბურგი, 2018 წლის 12 ივნისი

„საქართველოში 2008 წლის ომიდან ათი წლის შემდეგ ჩვენ არ შეგვიჩერებია მუშაობა მშვიდობისა და კონფლიქტის ნამდვილი გადაჭრისთვის. მსურს, ამ მოწვევის პარლამენტს მადლობა გადავუხადო ამ დებატების გამართვისთვის. 

ომის დროს ევროკავშირის შუამდგომლობამ კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება მოახდინა და საბოლოოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტით დასრულდა. მას შემდეგ ევროკავშირი ცენტრალური მოთამაშეა კონფლიქტის შედეგების მართვაში, რეგიონში ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაში და გრძელვადიანი გადაწყვეტილების გამონახვაში. 

ჩვენ - ევროკავშირს სპეციალური როლი გვაკისრია, კერძოდ, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გამო. დღეის მდგომარეობით ჩვენ ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ვართ ადგილზე. მისიამ კონფლიქტით დაზარალებული ყველა მხარის სასარგებლოდ სიტუაციის სტაბილიზების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა. 

დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისიის ფარგლებში საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე 200-ზე მეტი სამოქალაქო ექსპერტი მუშაობს. მისიის მანდატი მოიცავს არა მხოლოდ სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციის პროცესების მონიტორინგს, არამედ ასევე აქტიურ ჩართულობას ნდობის შექმნაში, დაძაბულობის შემცირებასა და კონფლიქტის ახალი ესკალაციის თავიდან აცილებაში. 

მისიის ადგილზე მუშაობის პარალელურად ევროკავშირი განაგრძობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აღიარების დაგმობას. ახლახან სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ასევე გამოაცხადა, რომ დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ჩვენ დაუყოვნებლივ დავგმეთ ეს ნაბიჯი საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და ეს მხოლოდ გაართულებს კონფლიქტის გადაჭრის მიღწევას. 

ჩვენ ასევე ვგმობთ რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ემსახურება იმის კონსოლიდირებას, რასაც ის „ახალ რეალობას“ უწოდებს. ჩვენ ასევე მიუღებლად მივიჩნევთ რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას თვითგამოცხადებულ რეგიონებში და გამყოფ ხაზებზე ფიზიკური ბარიერების აგებას. 

ჩვენი ყოველი ქმედება მიმართულია რეგიონში ყველა ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ეუთოსა და გაეროსთან ერთად ჩვენ კვლავაც სათავეში ვუდგავართ კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი საკითხების მოსაგვარებლად წარმართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში თანათავმჯდომარეობს აღნიშნულ მოლაპარაკებებს და აქცენტს აკეთებს ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ასევე ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრაზე, რაც გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე. ამ დისკუსიებში პროგრესი შეზღუდულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება არა მხოლოდ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებს, არამედ ასევე იძულებით გადაადგილებულ და დევნილ პირებთან დაკავშირებულ საკითხებს. მიუხედავად ამისა, დისკუსიების წყალობით უსაფრთხოების ვითარება ადგილზე შედარებით მართვადი გახდა.

უმთავრესად ზემოაღნიშნული დისკუსიები გვაძლევს საშუალებას, რომ მონაწილეებს, პირველ რიგში კი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შევახსენოთ, რომ არსებული სიტუაცია მიუღებელია. ის მიუღებელია არა მხოლოდ არსებული საერთასორისო სამართლის ნორმების დარღვევის გამო, არამედ პირველ რიგში იმიტომ, რომ გავლენას ახდენს ორივე თვითგამოცხადებულ რეგიონში, საქართველოში და სრულიად რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე. 

რასაკვირველია, ჩვენი ჩართულობა საქართველოში არ შემოიფარგლება მხოლოდ მონიტორინგის მისიით და ჟენევის დისკუსიებით. ეს არის ნამდვილი პარტნიორობა და მტკიცე მეგობრობა, რომელსაც საფუძვლად უდევს პოლიტიკურ სიახლოვესა და განვითარებაზე აგებული თანამშრომლობა, ეკონომიკური გაცვლები და ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობა. 

ჩვენი მიდგომაა, თვითგამოცხადებული რეგიონები საქართველოში ჩვენს პროგრამებში ჩავრთოთ, როდესაც ეს შესაძლებელია. ეს ეხება ჩვენს მიერ განხორციელებულ სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებს. 

ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივების განხორციელებას თვითგამოცხადებულ რეგიონებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა იმ ინიციატივას, რაც ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ნდობის აღდგენას, როგორიცაა, მაგალითად, კონტაქტები ცალკეულ ადამიანებს შორის, დიალოგის პროცესი და სასწავლო გაცვლითი პროგრამები.
ყველა ჩვენი ქმედება ამ ორ რეგიონში სრულად კოორდინირებული და (რასაც განსაკუთრებულად მინდა გავუსვა ხაზი, ვინაიდან ეს უაღრესად მნიშვნელოვანია) დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ და სრულად შეესაბამება საქართველოს ჩართულობის პოლიტიკას. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ახლახან გამოცხადებული სამშვიდობო ინიციატივის ფონზე ჩვენ ახლა ვეძებთ შემდგომი მხარდაჭერის შესაძლებლობებს. მაგალითად, აშკარაა თვითგამოცხადებული რეგიონების ინტერესი როგორც დანარჩენ საქართველოსთან, ისე დანარჩენ რეგიონთან ვაჭრობის გაძლიერებაში, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად გააუმჯებესებდა როგორც ადგილობრივი თემების, ისე მთლიანი რეგიონის მასშტაბით ცხოვრების დონეს. 

ასევე განვიხილავთ თვითგამოცხადებული რეგიონების განათლების სფეროს მუშაკების მობილურობის სქემას, რასაც ასევე ხელს შეუწყობს ჩემს მიერ ზემოთ ნახსენები სამშვიდობო ინიციატივა.

ჩვენი პოლიტიკა არაღიარების და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ჩართულობის პოლიტიკაა, რაც ზუსტად შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიდგომას.

კონფლიქტმა უპირველესად დააზარალა ორივე რეგიონის მოსახლეობა, რომელიც მოკლებულია თავიანთი სამშობლოს სრული ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობას; დაიკარგა სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა, კონფლიქტის სავალალო შედეგებს მთლიანი რეგიონი იმკის. 

ომიდან ათი წლის შემდეგ ჩვენ არ ვჩერდებით და არ გავჩერდებით, ჭეშმარიტი გადაწყვეტილების მისაღწევად და ყველა ადგილობრივი თემის, მათი განვითარებისა და მათი ღირსეული ცხოვრების მხარდასაჭერად. 

მადლობა ყურადღებისთვის.“

ასევე იხილეთ მისი სიტყვა აქ: 

Follow us on social media